ალაბასა და კამავინგას ტრავმები - რეალს ხეტაფესთან გამარჯვება ძვირად დაუჯდა
ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის „რეალი“ თანაქალაქელ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა.
„ლოს ბლანკოსის“ რიგებიდან გამარჯვების მომტანი გოლი არდა გიულერმა გაიტანა, რომელმაც 21-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი დარტყმით შეაგდო, თუმცა შეხვედრის გმირი მაინც ტიბო კურტუა იყო.
ბელგიელმა მეკარემ 7 ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
„რეალს“ ეს გამარჯვება კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა, რადგან კარლო ანჩელოტიმ დავიდ ალაბა და ედუარდო კამავინგა დაკარგა. ორივე მათგანი ტრავმის გამო შეცვალეს და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმის დაზიანებებთან გვაქვს საქმე.
აღსანიშნავია, რომ კამავინგა მოედანზე სწორედ ტრავმირებული ალაბას ნაცვლად შევიდა და მანაც დაზიანება მიიღო.
მადრიდელებმა ამ გამარჯვებით „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. შაბათს, 26 აპრილს (23:55) ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ელ კლასიკო“ გველის.