ფლიკი ბარსასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - Marca
„ბარსელონა“ და მისი მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ესპანური Marca იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთახნმება მიღწეულია, მაგრამ ყველაფერი ზაფხულში გაოფიციალურდება, ვინაიდან „ამჟამად კლუბი ტრებლისთვის იბრძვის და როგორც ფეხბურთელების, ისე სამწვრთნელო შტაბის მთელი ყურადღება დარჩენილ მატჩებზეა გადატანილი“.
აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება გათვლილი, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი კი გერმანელს „ბლაუგრანასთან“ 2026 წლამდე აკავშირებს.
ცნობისთვის, ფლიკმა ბარსელონა გასული წლის მაისის მიწურულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ესპანეთის სუპერთასი მოიგეს.
33 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია. უახლოეს უქმეებზე „ბლაუგრანა“ სამეფო თასის ფინალში „რეალს“ შეხვდება, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი კატალონიელების მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.