გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

დაძაბულობა გასახდელში | ლიონის ფეხბურთელები ფონსეკათი უკმაყოფილო არიან

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „სენტ-ეტიენთან“ წაგებული მატჩების შემდეგ, „ლიონში“ ვითარება დაიძაბა. ფრანგული გამოცემის, Le Progres-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის რამდენიმე თანაგუნდელი მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას მუშაობით უკმაყოფილოა.

Le Progres-ის ცნობით, გუნდის გამოცდილ მოთამაშეებსა და ლიდერებს, როგორებიც ალექსანდრ ლაკაზეტი და კორენტინ ტოლისო არიან, არ მოსწონთ, ფონსეკა მათ ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს რომ აყენებს. საუბარი ეხება რაიან შერკის, გიორგი მიქაუტაძეს, მუსა ნიახატესა და სხვებს.

Le Progres-ის მიხედვით, ფონსეკას ამ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი ფეხბურთელი ხედავს როგორც დასტურს იმისა, რომ პორტუგალიელს ძლიერი ეგოს მქონე მოთამაშეებთან გამკლავება უჭირს. გარდა ამისა, ფონსეკას პრობლემები აქვს ნემანია მატიჩთან. „მანჩესტერ იუნაიტედთან“, მატიჩის ნაცვლად, პოლ აკუოკუს დაყენებამ, მთელი გუნდი გააოცა, მატიჩი კი უკმაყოფილო დატოვა. შედეგად სერბ ფეხბურთელსა და ფონსეკას ურთიერთობა გაუფუჭდათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ლიონის“ მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრებაა. მიქაუტაძის გუნდს 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები