„ჩემპიონობა მინდა, ფული ან პოპულარობა არ მაინტერესებს“ - გიგა ჭიკაძე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე უახლოეს უქმეებზე ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მე-11 ბრძოლას გამართავს. „ნინძას“ მეტოქე 30 წლის დევიდ ონამა იქნება.
ბრძოლის წინ ჭიკაძე UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.
გიგა ჭიკაძე:
„ბევრი ტრავმა მქონდა და მათ მოსარჩენად დრო დამჭირდა. ახლა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები ბრძოლას. მენტალურად ყოველთვის მზად ვიყავი, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, ძალიან მიკვირს, რომ ყველა ამ ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ფორმა აღვიდგინე - მადლობა დენა უაითს და გერი ბრეკას.
პირველი რაუნდის დასრულებამდე 3 წამით ადრე ალენის ფეხი კისერში მომხვდა. ამის გამო თიაქარმა მთელი მარჯვენა ხელის პარალიზება გამოიწვია. ვიდრე ოპერაციას გავიკეთებდი, მარჯვენა ხელით ტელეფონსაც კი ვერ ვიჭერდი, ეს ძალიან ცუდი შეგრძნება იყო.
ამ მდგომარეობაში კიდევ 2 რაუნდი ვიჩხუბე - ამით დავამტკიცე, რომ ნებისმიერ მებრძოლთან ცალი ხელით ჩხუბი შემიძლია. ამ ჩხუბიდან ბევრი გაკვეთილი გამოვიტანე - იმედია, ასეთი რამ ჩემს კარიერაში აღარ განმეორდება, მაგრამ ეს კარგი გამოცდილება იყო.
როდესაც მე ვჩხუბობ, ჩემი მეტოქეები ჭიდაობაზე და გრეპლინგზე აკეთებენ აქცენტს, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ონამას აქვს შანსები, რომ დგომში მეჩხუბოს. ონამას მშობლიურ ქალაქში ვარ და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოჯახიც თან მახლავს, ამიტომ მზად ვარ ყველა დაბრკოლების გადასალახად.
ჩემი ვაჟი 9 წლისაა და ის სავარჯიშო დარბაზში გაიზარდა, ქალიშვილი კი მალე 16 წლის ხდება. ისინი დიდი ხანია, მთხოვდნენ, რომ ჩხუბს დასწრებოდნენ. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა ოქტაგონში გავალ, ჩემს საუკეთესო დონეს ვაჩვენებ, გავიმარჯვებ და ჩემს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ.
ჩემპიონობა მინდა, ფული ან პოპულარობა არ მაინტერესებს. შვილებს დავპირდი, რომ ოდესმე სახლში ჩემპიონის ქამრით დავბრუნდები. იმედია, ამ ჩხუბით ქამრისკენ გზაზე დიდ ნაბიჯს გადავდგამ“.
ონამას, რომელიც „ჩუმი მკვლელის“ მეტსახელით იბრძვის, UFC-ში 5 მოგება და 2 მარცხი აქვს. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში რობერტო რომეროს მოუგო.
ჭიკაძისა და ონამას დაპირისპირება 27 აპრილს გამთენიისას გაიმართება.