თქვენმა მხარდაჭერამ რთული გზა გაგვიადვილა | გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კოპენჰაგენის’’ ფეხბურთელის გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ფეხბურთელმა Instagram-ში დაწერა.
„სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის. მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვერდით გვედგა. თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა. მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ. ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!'' - დაწერა გიორგი გოჩოლეიშვილმა.
გასულ წელს, როცა ფეხბურთელის შვილს ლეიკემია დაუდგინდა, ყოფილმა და მოქმედმა თანაგუნდელებმა გოჩოლეიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გასული წლის ნოემბერში „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა განაცხადა: „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგის და მის ოჯახს დავეხმაროთ, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობას განიცდიან. მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გიორგი შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. დანიის ჩემპიონატში მისი პროფილის მარჯვენა მცველი იშვიათად შემხვედრია“.