„ორი გიგანტი, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ“
დღეს ლა ლიგაში შუა კვირის ტური იწყება. „ვალენსია“ „ესპანიოლს“ უმასპინძლებს. გუნდები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გასავარდნ ზონასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობენ და ეს პირველ რიგში მათი მეკარეების დამსახურებაა.
Superdeporte გიორგი მამარდაშვილისა და ჟოან გარსიას შესახებ წერს, რომლებიც დიდებულ ფორმაში იმყოფებიან და დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
„თუ წინა სეზონში გიორგი მამარდაშვილი იყო ესპანეთისა და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, ახლა უდავოდ ჟოან გარსიას დროა. ესპანიოლის 23 წლის კიპერი შესანიშნავი თამაშით გუნდის გადარჩენის შანსებს ინარჩუნებს. კატალონიელებს თითქმის ყველა მატჩში ჰყავთ MVP-ის კანდიდატი და არც მომდევნო შეხვედრა იქნება გამონაკლისი (ვალენსიას წინააღმდეგ) - გუნდს, რომელსაც ნელ-ნელა დაუბრუნდა თავისი ძველი მე და რომლის კარსაც სწორედ მამარდაშვილი იცავს. ლა ლიგის ორი ბრწყინვალე მეკარის დაპირისპირებაში შესაძლოა სწორედ გოლკიპერებმა გადაწყვიტონ მატჩის ბედი.
მამარდაშვილისა და ჟოან გარსიას ელიტურ დონეზე გადასვლა გარკვეულ პარალელებს იწვევს. ქართველი მეკარე ვალენსიას პირველ მეკარედ ხოსე ბორდალასის პერიოდში ჩამოყალიბდა, თუმცა რეალურად მთელი სიცხადით გასულ სეზონში აფეთქდა - რუბენ ბარახას ხელში. ვალენსიასთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში, ისეთ დონეზე იყო, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე მეკარეებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ევროპულ გრანდებზე, რომ ლივერპულმა, წამყვანმა მსოფლიო კლუბმა, თითქმის დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება მისი შეძენის შესახებ.
ჟოან გარსიას მიმართ ინტერესი ინგლისიდან მანამდეც გაჩნდა, ვიდრე ის თავის საუკეთესო სეზონს დაიწყებდა - საუბარია ამ სეზონზე. გასულ ზაფხულს მიკელ არტეტას არსენალი სერიოზულად დაინტერესდა ახალგაზრდა მეკარით და ესპანიოლს 21 მილიონ ევროსაც კი სთავაზობდნენ, რაც მეკარისთვის დიდი თანხაა, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდა დამტკიცებული ლა ლიგაში.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს - აქ პარალელები უკვე წყდება. პირველივე ტურის შემდეგ ჟოან გარსიამ დაამტკიცა, რომ ესპანიოლის გადარჩენა, გუნდის ბედი მის ხელში იქნებოდა - და ასეც მოხდა. გუნდი, რომელიც ვალენსიასთან ერთად გადასავარდნ ზონასთან შვიდი ქულით მაღლა დგას, ახლა შედარებით მშვიდადაა. მადლობა იმ მეკარეს, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი 117 სეივი შეასრულა. მამარდაშვილმა კი სეზონი სასურველი ფორმის გარეშე დაიწყო და საკუთარი თავისთვის უჩვეულო დონეზე. მაგრამ კარლოს კორბერანის მოსვლის შემდეგ ნდობა დაიბრუნა და ბოლო ხუთ შეხვედრაში უკვე იმ მამარდაშვილს ვხედავთ, რომელზეც მთელი ევროპა საუბრობდა“.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.