მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო გეგმები | სამიზნეები და წამსვლელები
„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. „წითელი ეშმაკები“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, აქტიურნი იქნებიან და ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ისინი რამდენიმე ხმაურიან გარიგებას დახურავენ.
Daily Mail-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვიქტორ ოსიმენის, ხავი სიმონსის, ბენიამინ შეშკოს, ებერეჩი ეზესა და ენტოინ სემენიოს კანდიდატურების განხილვის პროცესშია. Tuttosport-ი დასძენს, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ოსიმენთან პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და დიდი შანსია, ნიგერიელი „ოლდ ტრაფორდზე“ გადავიდეს.
სამიზნეების გარდა, Daily Mail-ი წამსვლელთა სახელებსაც ასაჯაროებს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, მაღალია ალბათობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზაფხულში ალეხანდრო გარნაჩო, მარკუს რაშფორდი, ანტონი და კაზემირო გაყიდოს. პრობლემა ისაა, რომ მათი ოპტიმალური ფასის დადგენა მარტივი არ იქნება.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „წითელ ეშმაკებს“ ევროპა ლიგის მოგება შეუძლიათ და ტურნირის ნახევარფინალში მათი მეტოქე „ბილბაო“ გახლავთ.