ნიკოლა იოკიჩი, კავაი ლეონარდი, ჯამალ მიურეი, ჯეიმს ჰარდენი
Aa
Aa

დენვერმა კავაი ვერ გააჩერა | კლიპერსმა სტუმრად მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„დენვერ ნაგეთსმა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ კალათბურთის მოყვარულებს კიდევ ერთი მაგარი თამაში აჩუქეს. პირველი შეხვედრის მსგავსად, რომელიც „ნაგეთსმა“ ოვერტაიმში მოიგო, მეორე მატჩიც უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა.

საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 100:100. მომდევნო შეტევაში, ნორმან პაუელმა „კლიპერსი“ სამქულიანით დააწინაურა, რასაც ნიკოლა იოკიჩმა საჯარიმოებით უპასუხა. „ჯოკერის“ ორი ქულის შემდეგ, კავაი ლეონარდის ჯერი დადგა, რომელმაც ორქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 105:102.

ლეონარდს ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა. კავაი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი 39 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. ლეონარდი საოცრად ეფექტური იყო და 19-დან 15 ბურთი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, მის პასივში კი მხოლოდ 1 დაკარგვა და 1 ჯარიმა გახლდათ.

„გადამწყვეტი ფაქტორი დაცვაში თამაში გამოდგა. დენვერი ბრწყინვალე გუნდია, განსაკუთრებით საშინაო კედლებში და ნიკოლა იოკიჩის სახით, MVP-ის კალიბრის კალათბურთელი ჰყავს. ნაგეთსი შესანიშნავ კალათბურთს თამაშობს და რთული, ძალიან რთული ბრძოლა მოვიგეთ. მარტივი ომი არ გველოდება და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ“, - განაცხადა ლეონარდმა მატჩის შემდეგ.

კავაის გარდა, „კლიპერსის“ მხრიდან 18 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა, ივიცა ზუბაცმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 16 ქულა, 12 მოხსნა. „დენვერის“ რიგებში სამმაგი დუბლი მიითვალა იოკიჩმა - 26 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა. ჯამალ მიურეიმ 23 ქულა დააგროვა, მაიკლ პორტერ ჯუნიორმა - 15.

ცნობისთვის, „კლიპერსისა“ და „დენვერის“ საპლეიოფო სერიაში ანგარიში თანაბარია - 1:1. დენვერში გამართული ორი მატჩის შემდეგ, სერია ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს და „კლიპერსი“ ორ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბიო კაპელო: „არსენალი პარი სენ-ჟერმენზე უკეთესი გუნდია“
ფაბიო კაპელო: „არსენალი პარი სენ-ჟერმენზე უკეთესი გუნდია“