„მერაბი ვარსკვლავია!“ | კონორ მაკგრეგორმა დვალიშვილი შეაქო
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილი შეაქო. ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „მანქანას“ ვარსკვლავი უწოდა.
მაკგრეგორი MMA On Point-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც დვალიშვილისა და რიკი სიმონის ჩხუბის დასკვნითი ნაწილია ასახული. მერაბმა UFC-ში ბოლოს სწორედ სიმონთან წააგო და ეს 2018 წელს მოხდა.
„და ახლა, წლების შემდეგ, ის UFC-ის მოქმედი ჩემპიონია. დიდებულია! მერაბი ვარსკვლავია“, - დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.
And now, years on, the reigning, defending UFC World Champion! Magnificent!
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) April 21, 2025
Merab is A Star! ???? https://t.co/JOmxZzvSk4
შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლის ბოლოს, სიმონი მახრჩობელა ილეთის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ მერაბი არ ნებდებოდა და არც ითიშებოდა. საბოლოოდ, „მანქანას“ ტექნიკური საბმიშენით მარცხი ჩაუთვალეს და დვალიშვილმა ზედიზედ მეორე ჩხუბი წააგო UFC-ში, თუმცა, სიმონთან დაპირისპირების შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.