კაკაბაძის გოლი და MVP-ის პრიზი ლიდერთან - კრაკოვია ლეხთან დამარცხდა
პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XXIX ტურში „კრაკოვია“ სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკოლოზ კვესკვესკირის ყოფილ გუნდთან, „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა. ოთარ კაკაბაძე და მისი თანაგუნდელები ახლოს იყვნენ სენსაციურ შედეგთან და ქულის აღებასთან, რაშიც ქართველი კაპიტნის როლი უდიდესია, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ფავორიტს დარჩა.
პოზნანელები მიკაელ იშაკის მიერ 38-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრებს დიდხანს ამარცხებდნენ. თუმცა, 70-ე წუთზე, „კრაკოვიას“ მხსნელად ქართველი კაპიტანი მოევლინა და მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევისას, კაკაბაძე საჯარიმოში სწრაფად შეიჭრა, დასწრებაზე ითამაშა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
სტუმართა სიხარული ხანმოკლე გამოდგა და ზუსტად ექვს წუთში იშაკიმ ამჯერად ასისტენტობა ითავა და მისი გადაცემით აფონსო სოუზამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება „ლეხს“ დარჩა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამარცხებული გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე აღიარეს, რომელსაც ათბალიანი შეფასებით 8.4 მეათედი დაუწერეს. 29 წლის ქართველი მარჯვენა მცველი ბურთს 89-ჯერ შეეხო და მის მიერ გაკეთებული 53 გადაცემიდან 46 ზუსტი აღმოჩნდა, 1 გამამწვავებელი პასი გააკეთა, დრიბლინგის ორი მცდელობიდან ორივე წარმატებული აღმოჩნდა და თერთმეტი ორთაბრძოლიდან რვა მისი გამარჯვებით დასრულდა.
29 ტურში დაგროვებული 42 ქულით „კრაკოვია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში მეშვიდე ადგილზეა. ოთარ კაკაბაძის ანგარიშზე კი, 3 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემაცაა.