ფაბიო კაპელო: „არსენალი პარი სენ-ჟერმენზე უკეთესი გუნდია“
რაც უფრო ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი, გულშემატკივრებში, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებში მოლოდინი მით უფრო იზრდება. სხვადასხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები კი, პერიოდულად ვეტერან ფეხბურთელებსა და წარსულში ცნობილ სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთებას სთხოვენ. ამჯერად მათი სამიზნე ფაბიო კაპელო აღმოჩნდა, რომელმაც როგორც „არსენალი“, ასევე „პარი სენ-ჟერმენი“ დადებითად დაახასიათა, თუმცა წყვილის ფავორიტად მაინც ლონდონური კლუბი დაასახელა.
რას ამბობს კაპელო
„არსენალს“ აქვს ყველაფერი: ხარისხი, ბალანსი სათამაშო რგოლებს შორის და კარგი ფიზიკური მომზადება, თუმცა ეს ყველაფერი „სენ-ჟერმენსაც“ გააჩნია და ამ მხრივ ლონდონური და პარიზული კლუბები თანაბარი ძალისანი არიან. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ფიზიკურად „მეთოფეები“ გაცილებით კარგად არიან მომზადებულები.
მიკელ არტეტას შეგირდებს აქვთ მებრძოლი ხასიათი, დისციპლინა და ერთობა, რაც ასეთი დონის მატჩების დროს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. ისინი თამაშობენ მაღალ ტემპში და სიმართლე გითხრათ, არასოდეს მინახავს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბს ჩემპიონთა ლიგაში ასეთ დონეზე ეთამაშოს. არ ვგულისხმობ „მანჩესტერ სიტის“, რომელიც არა ბრიტანულ, არამედ გუარდიოლას ფეხბურთს აჩვენებდა. „არსენალი“ კი, ინგლისური კლუბისთვის დამახასიათებელი, კლასიკური ბრიტანული თამაშის სტილის მიმდევარია, რომელშიც ტექნიკური უნარები და ფიზიკური ძალაა თავმოყრილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფაბიო კაპელომ პროგნოზი „ბარსელონა“ – „ინტერის“ მეორე ნახევარფინალურ წყვილზეც გააკეთა და დარწმუნებით განაცხადა, რომ ნერიაძურის მცველები კატალონიელთა თინეიჯერი ვარსკვლავის, ლამინ იამალის შეჩერებას შეძლებენ.