„ასე მუშაობა ძალიან რთულია“ - კონსეისაუს მეორე ტიტული სურს
რამდენიმე საათის წინ, ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, რომლის გავრცელებული ცნობებიც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს შეეფერება, დაწერა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე, სერჟიო კონსეისაუ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
პრინციპში როსონერისთვის სეზონი იმდენად საშინლად მიმდინარეობს, დიდი ალბათობით პორტუგალიელ სპეციალისტს არა თავისი, არამედ კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით მოუწევს წასვლა. თუმცა, თავად კონსეისაუს როგორც ჩანს, სურს შავ-წითლებს კიდევ ერთი ტიტული მოაგებინოს, მაგრამ პარალელურად არც წუწუნს ერიდება და ჟურნალისტებთან საუბრისას, მუდამ თავის მართლების რეჟიმშია.
სერჟიო კონსეისაუ
„მილანში“ ორი დღის მოსულმა იტალიის სუპერთასი მოვიგე და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები ჩემი შეცვლის კანდიდატებზე წერდნენ. ამას მოჰყვა სერია A-ში „კალიარისთან“ სადებიუტო გამარჯვება და იგივე მეორდებოდა. 40 წელია ფეხბურთში ვარ და მსგავსი რაღაცეები არ მიკვირს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ასეთ პირობებში მუშაობა ყველას არ შეუძლია.
ჩემი მომავალი? მინდა „ინტერთან“ სათასო დაპირისპირებისთვის გუნდი რაც შეიძლება კარგად მოვამზადო და იტალიის სუპერთასის შემდეგ როსონერის კოპა იტალიაც მოვაგებინო. არა მგონია, ბევრს ახსოვდეს, როდის მოიპოვა „მილანმა“ ბოლოს ერთ სეზონში ორი ტიტული და თუ ამის გაკეთებას შევძლებ, იქნებ ზოგიერთმა ჩემს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალოს.
იტალიის თასის ნახევარფინალში „დერბი დე ლა მადონინას“ საპასუხო მატჩი 23 აპრილს გაიმართება და გამოკვეთილი ფავორიტიც არ არსებობს, რადგან პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. რაც შეეხება სერია A-ს, ჩემპიონატში როსონერის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის - 33 ტურში დაგროვებული 51 ქულით გუნდი მეცხრე ადგილზეა და „ინტერი“ – „ნაპოლის“ ლიდერთა დუეტს 20 ქულით ჩამორჩება.