„უბრალოდ კედელთან მივიმწყვდევ“ - ევლოევმა ვოლკანოვსკიზე ილაპარაკა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
მისი თქმით, მას ავსტრალიელი მეტოქის დაფინიშება შეუძლია.
„მე მას უბრალოდ კედელთან მივიმწყვდევ. არ მივცემ ჩემგან გაქცევისა და საერთოდ მოძრაობის უფლებას. მაშინ ალექსი დაიღლება. მე მას ან გავტეხ, რადგან ვიცი, მე უფრო მეტი ძალა მაქვს, უფრო კარგი ბრძოლა და შემიძლია მისი გაკონტროლება 5 რაუნდის განმავლობაში ან დავაფინიშებ“, - თქვა ევლოევმა მაიკ პერის პოდკასტში.
შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევმა MMA-ში გამართული 19-ვე ბრძოლა მოიგო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ UFC-ში მან ყველა ჩხუბში მსაჯთა გადაწყვეტილებით იმარჯვა. ბოლოს ევლოევმა გასული წლის დეკემბერში იჩხუბა, როდესაც UFC 310-ზე ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა.
რაც შეეხება ვოლკანოვსკის, მან ცოტა ხნის წინ დიეგო ლოპესი საჩემპიონო ჩხუბში დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტურ ტიტულს დაეუფლა.
ბრძოლამდე ავსტრალიელი მებრძოლი ამბობდა, რომ ქამრის მოგების შემთხვევაში ქამარს პირველად სწორედ მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ ჩხუბში დაიცავდა.
აქვე გეტყვით, რომ „ვოლკს“ MMA-ში გამართულ 31 ჩხუბში 27 მოგება და 4 წაგება აქვს. ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2019-2024 წლებშიც ფლობდა, შემდეგ კი ილია თოფურიასთან დამარცხდა.