„თავდამსხმელის გარდა არავინ უნდა“ - საკიმ პერესზე ისაუბრა
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მცოდნე ადამიანად ითვლება და მისი მოსაზრება ნებისმიერ კლუბზე, მის პრეზიდენტსა თუ მთავარ მწვრთნელზე, უზომოდ საინტერესოა. 79 წლის საკის ამჯერად კომენტარის გაკეთება მადრიდის „რეალის“ წლევანდელ ასპარეზობაზე სთხოვეს, თუმცა მან კარლო ანჩელოტისა და მის შეგირდებზე უფრო მეტი, „ბლანკოსის“ პრეზიდენტზე ფლორენტინო პერესზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობითაც მუშაობა თავადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწია.
რას ამბობს საკი
„რეალის“ მიდგომებსა და მისი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის საფეხბურთო გემოვნებას კარგად ვიცნობ, რადგან თავის დროზე ამ კლუბის ტექნიკურ დირექტორად ვმუშაობდი. პერესი არაჩვეულებრივი პრეზიდენტია, მაგრამ თავდასხმასა და თავდამსხმელებს საკმარისზე მეტ ყურადღებას აქცევს. წარმოიდგინეთ, სამი თვე ვიბრძოდი და ვეხვეწებოდი საიმისოდ, რომ „სევილიადან“ სერხიო რამოსი დაგვემატებინა, რადგან მას მცველის ტრანსფერზე მუშაობის გაგონებაც კი არ სურდა.
ცნობისათვის, საკის რეკომენდაციით დამატებული სერხიო რამოსი „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება - მან სამეფო კლუბის რიგებში 5-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ კოპა დელ რეი, 4-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.