თურმანიძის ბრინჯაო - ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი 9 მედლით დაასრულეს
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე ძალოსნები ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონით კატეგორიაში გამოვიდნენ. უკანასკნელ წლებში საქართველოს ამ წონაში ლაშა ტალახაძის სახით დომინანტი სპორტსმენი ჰყავდა, რომელმაც როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი შვიდჯერ მოიგო, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი სამჯერ გახდა. ტალახაძის არყოფნაში ჩვენი ქვეყნის სახელით ბაქარ თურმანიძემ იასპარეზა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია.
თურმანიძემ ატაცის დისციპლინაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 183 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება აკვრას, პირველ ორ ცდაზე ჯერ 213, ხოლო შემდეგ 219 კილოგრამი დაიმორჩილა, მესამე ცდა კი გაუფუჭდა, მეოთხე პოზიცია დაიკავა და მედლის გარეშე დარჩა. მეოთხე ადგილს დასჯერდა ასევე ორჭიდის ჯამშიც, ხოლო ევროპის ჩემპიონი სომეხი ვარაზდატ ლალაიანი გახდა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა საერთო ჯამში 9 მედალი მოიპოვეს და საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა უმაღლესი სინჯის არც ერთი არ ყოფილა. ბაქარ თურმანიძე - ბრინჯაოს, რევაზ დავითაძე - 3 ვერცხლის, გოდერძი ბერდელიძე - 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს, ხოლო რამინ შამილიშვილი 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.