ვან დაიკი ტრენტზე: მას ყოველთვის კარგი საქმეებისთვის გაიხსენებენ
„ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე ილაპარაკა. მისი თქმით, ინგლისელ ფეხბურთელს ყოველთვის კარგი საქმეებისთვის გაიხსენებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მადრიდის „რეალში“ გადასვლას გადაწყვეტს, როგორც თავისუფალი აგენტი.
თავად ვან დაიკმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გაახანგრძლივა და მომავალ სეზონზეც „ენფილდზე“ ითამაშებს.
ახალი კონტრაქტი გააფორმა მუჰამედ სალაჰმაც, თუმცა ტრენტის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
„მას შემდეგ, რაც „ლივერპულს“ შევუერთდი, ტრენტი ფანტასტიკური მოთამაშე იყო. ძალიან ბევრი კარგი რამის გამო, ის ლივერპულში ყოველთვის ემახსოვრებათ, თუ ის წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ დავიცადოთ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არ ვიცით, აწი რა მოხდება. ახლა ის ჩვენი მოთამაშე და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მთელი სეზონი ტრენტი საკვანძო ფეხბურთელი იყო და ის მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს“, - თქვა ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს მერსისაიდულ გრანდთან აღარ გაახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს.
დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, ტრენტმა 350 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 90 საგოლე გადაცემა შეასრულა.