მე-5 ჩემპიონობა 2025-ში - ფურცელაძის მორიგი წარმატება
საბა ფურცელაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში სლოვაკ მიხალ კრაიჩს ორ სეტში, 7-5, 6-4 აჯობა. ფურცელაძემ, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე მეოთხე ნომრად იყო განთესილი, გადამწყვეტ შეხვედრამდე ეგვიპტელ მიხაელ ბასემ საბოს, ბელარუს ერიკ არუთინიანს, თურქ სემ ილკელს და იტალიელ ლორენცო როტოლის მოუგო.
ქართველი ჩოგბურთელისთვის 2025 განსაკუთრებული წელია, რადგან უკვე ხუთ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. მთლიანად კარიერაში კი, მის ანგარიშზე ერთეულთა შორის -ცხრა, წყვილებში კი ექვსი შეჯიბრების ჩემპიონობაა.
ATP-ის LIVE-რეიტინგში საბა ფურცელაძე 313-ე პოზიციაზეა და მამაკაცთა შორის ჩვენი ქვეყნის რიგით მეორე ჩოგანია - მასზე წინ მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელიც 153-ე ადგილზე იმყოფება.