ლუის ენრიკე
Aa
Aa

ნანტი, არსენალი და როტაცია | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მომდევნო მეტოქე „ნანტი“ გახლავთ და ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ყველა თამაშში უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია და ხვალინდელი შეხვედრა ამის ერთ-ერთი შანსი იქნება. გამოწვევები ყველა მატჩში უნდა გადავლახოთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდია, მაგრამ როგორც ყოველთვის, დაძაბული შეხვედრა გველოდება და მზად უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რთული მატჩი იქნება. ნანტს პრობლემები აქვს, მაგრამ ეს მათთვის დამატებითი მოტივაცია გახლავთ.

როგორ მოვემზადებით არსენალის სტანდარტულებისთვის? იმას გავაკეთებთ, რაც ლივერპულთან ვქენით, რადგან მათ თითქმის იგივე შეტევითი პოტენციალი აქვთ, რაც არსენალს. ვიმუშავებთ თუ არა რაიმე კომბინაციაზე სტანდარტულებისას? გამოვიყენებთ პირდაპირ და მოკლე კუთხურებს. გამოვიყენებთ ყველაფერს, რასაც ჩავთვლით, რომ მეტოქე გუნდისთვის ხიფათის შექმნა შეუძლია.

როტაცია? როტაციას მივმართავ, როდესაც ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის თამაშებისას, მინდა, მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო, მაგრამ დასახული მიზნების მისაღწევად 18-20 ფეხბურთელია საჭირო. როტაციის საკითხს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. არიან მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, დაცვაში მყოფი მეტოქის წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარონ და არ დაიღალონ. ფეხბურთელთა ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებს ვაფასებთ და ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ.

ვცდილობ, ფეხბურთელებს მოტივაცია მივცე, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ. თუ გუნდს სჭირდება, რომ მოედანზე სხვა როლი მოირგო, ეს უნდა გააკეთო. ფეხბურთელები, რომლებიც ამისთვის მზად არიან, ჩემთვის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრებს წარმოადგენენ. მათ პრობლემა არ აქვთ, გუნდს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარონ და არ ამბობენ, რომ ამ პოზიციაზე ან ამ სტილში თამაში არ შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 22 აპრილს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოიდგინეთ ნაპოლი კვარასთან ერთად...“ | ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„წარმოიდგინეთ ნაპოლი კვარასთან ერთად...“ | ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრა