საქართველოს შეუჩერებელი გმირი | ლაშა ბექაურის ინტერვიუ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა ლაშა ბექაურთან ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ჯუდოკამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ ტრიუმფზე, საკუთარ მიზნებსა და აშშ-ში გასამართ ოლიმპიადაზე ისაუბრა, IJF-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს კი ასეთი წარწერა ახლავს: „მეორე ოლიმპიური ოქრო საქართველოს შეუჩერებელი გმირისთვის“.
„ჩემს ქვეყანაში ძიუდო ძალიან ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი სპორტია. ოდითგანვე ასე იყო და ალბათ, იმიტომ რომ, მებრძოლი ერი ვართ. მიხარია, რომ საქართველოში ვარ ის, ვინც პირველმა მოიპოვა ორი ოლიმპიური ოქრო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პირველი ოლიმპიადის მოგებამდე ვთქვი, რომ ჩემი სურვილი და ოცნება იყო, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. გამომდინარე აქედან, ასე თუ ისე ელოდნენ, რომ მეორე ოლიმპიადას მოვიგებდი. რა თქმა უნდა, ბევრს არ ეგონა, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ როდესაც რაღაც გულით მინდა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
მეორე ტრიუმფის შემდეგ, ცხოვრება უფრო სხვანაირი გახდა. მეტი სიყვარული და ყურადღება მივიღე ხალხისგან და ბავშვებისგანაც მეტ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. ზოგადად, ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ვემზადები და ჩემი რიტუალები მაქვს. პარიზში, ყველაფერი კარგად წავიდა. შეჯიბრების წინა დღეს იდეალურად მეძინა და ტურნირს კარგი განწყობით შევხვდი. ოლიმპიადამდე ისე მივედით, როგორც უნდა მივსულიყავით და ყველაფერი კარგად აეწყო.
სულერთია ჩემი მეტოქე ვინაა. ოპონენტი ოპონენტია და ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვჭიდაობ. ჩემი ოცნებებისთვის, მიზნებისთვის და ქვეყნისთვის ვიბრძვი. ყველა ჩემი ოცნების წინააღმდეგაა და ყველას დასამარცხებლად ვიბრძვი. ფინალში, მურაოსთან მენტალურად ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ უპირატესობაც მქონდა, რადგან მანამდე სამჯერ დავამარცხე. ვფიქრობდი, რომ ჩემზე მეტად ნერვიულობდა. დაძაბული და სანახაობრივი ფინალი გამოვიდა. როდესაც აგებ და შეხვედრაში ბრუნდები, შემდეგ კი იმარჯვებ, შენი წარმატება უფრო დიდებულია. ფინალის მოგება ორმაგად სასიხარულო იყო.
აშშ-ის ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მინდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი გავაკეთო. მინდა, ჩემი პოტენციალი მაქსიმალურად ამოვწურო და სანამ შემეძლება, არ გავჩერდები. ჩემს ქვეყანაში ძიუდოსადმი განსაკუთრებული სიყვარული გაჩნდა, რადგან ეს სპორტი გამორჩეულად წარმოვაჩინე და ხალხს შევაყვარე. მინდა, ჩემი ხალხისა და მომავალი თაობის მოტივაცია ვიყო. მინდა, ჩემს მაგალითზე ბევრი ახალგაზრდა გაიზარდოს, რომლებიც არა თუ დიდი ჩემპიონები, არამედ კარგი ადამიანები გახდებიან“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ბექაური 24 წლის ჯუდოკაა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანია.