„მსაჯმა შეცდომა აღიარა, მონეტები ფეხბურთელებსაც მოხვდათ“ | სენტ-ეტიენი VS ლიონი
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, რონის დერბი გაიმართა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ კედლებში გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოვიდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მონეტები ისროლეს და ერთ-ერთი გვერდითა მსაჯს მოხვდა, რის გამოც, მატჩი დაახლოებით ნახევარი საათი შეჩერდა. გარდა ამისა, იყო მომენტი, როდესაც „მწვანეების“ ფეხბურთელმა, ლუკას სტასინმა, რომელმაც დუბლი შეასრულა, წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ფრანსუა ლეტექსიემ გადაწყვეტილება შეცვალა და გაძევება გააუქმა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, „ლიონის“ მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა ლეტექსიეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფერიმ აღიარა, რომ შეცდა: „შენელებულმა კადრმა აშკარად აჩვენა, რომ განზრახ უხეშობას ჰქონდა ადგილი. შოკისმომგვრელია, სტასინმა წითელი ბარათი რომ არ მიიღო და თამაში განაგრძო.
მიმდინარე სეზონში, VAR-ის მსხვერპლი მერვედ გავხდით და მატჩის შემდეგ, მსაჯმა აღიარა, რომ შეცდა. მან მითხრა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეეცვალა და კეთილსინდისიერების გამო, მას მადლობა გადავუხადე“.
„გახურებისას პრობლემები გვქონდა და ჩვენს ფეხბურთელებს მონეტები მოხვდათ. ვიცოდით, რომ დაძაბული ატმოსფერო იქნებოდა და წარმოდგენა არ მაქვს, მატჩის განახლება სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა“, - განაცხადა პაულო ფონსეკას ასისტენტმა, მატიე ლუ-ჟანმა.
ცნობისთვის, „სენტ-ეტიენმა“ 2:1 გაიმარჯვა და 27 ქულა დააგროვა. „მწვანეები“ კვლავინდებურად გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს, „სტრასბურგის“ წინააღმდეგ ელით. მიქაუტაძის „ლიონს“ 51 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.