„პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | ბელალ მუჰამედმა თოფურიას უპასუხა
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. ჯო როგანის პოდკასტში, „ლეგენდამ“ ბელალი არასანახაობრივი სტილის გამო გააკრიტიკა, რაც მუჰამედს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და MMA Junkie-ისთან საუბრისას, თოფურიას უპასუხა.
„თოფურიას პატარა კაცის სინდრომი აქვს. ცდილობს, მკერდი გაბეროს, რათა უფრო დიდი გამოჩნდეს, ვიდრე რეალურად არის. მას ე.წ „თრეშ თოქი“ არ უვარგა და ზოგადად, არც ლაპარაკი გამოსდის კარგად, მაგრამ ცდილობს, როლი მოირგოს და ასეთ პერსონაჟად წარმოგვიდგეს.
ჩვენი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამსა და თოფურიას შესახებ მკითხეს. ვთქვი, მახაჩევი ფიზიკურად გაცილებით დიდია, მისთვის რთული მეტოქეა და ილიას ურჩევნია სიტყვებს დაუკვირდეს-მეთქი, რის შემდეგაც, მან განაცხადა, რომ ნამდვილი ჩემპიონი არ ვარ და არაფრად ვვარგივარ. თუ ჩემზე რაღაცას იტყვი, გამორიცხულია უპასუხოდ დაგტოვო და თოფურიასთან დაპირისპირება ამას მოჰყვა. ილია ჩემზე დაბალ წონაში ასპარეზობს და არაფერი გამოვა, მაგრამ თუ საუბარს გააგრძელებს, შეგვიძლია ვიჩხუბოთ".
შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამედი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 315-ზე გამართავს. ბელალი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას შეეცდება.