ევლოევი: „უმარმა მერაბთან ბრძოლა ხაბიბის გამო წააგო“
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმარის წაგებაში დამნაშავე მისი ბიძაშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვია.
რას ამბობს ევლოევი:
„როცა ხაბიბი შენი გუნდის ნაწილია, სურვილი გაქვს იმავე სიმაღლეებს მიაღწიო, რასაც ხაბიბმა მიაღწია. ალბათ, ბრძოლის დროს უმართან ეს ფიქრებიც იყო. ამან ანერვიულა და ეს შედეგი დადგა. ამას პირადი გამოცდილებით ვიძახი. პირადად ჩემთვის, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ჩხუბის დროს სახლში რჩებიან, უფრო კონცენტრირებული ვარ და მოტივაციაც მეტი მაქვს. ბრძოლის დროს მხოლოდ მწვრთნელები მჭირდება. იმაზე ფიქრი, რომ დარბაზში ჩემი ოჯახის წევრები არიან და ნერვიულობენ, მეც მანერვიულებს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 2025 წლის იანვარში გაიმართა და „ქართველმა მანქანამ“ 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, რითაც საჩემპიონო ქამარიც დაიცვა.