გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილის კარგი მატჩი და გამარჯვება - გრანადა პლეი-ოფის ზონაში შევიდა

ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად ერთ-ერთ აუთსაიდერ კარტახენას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და აქტიური მატჩი ჩაატარა. გიორგი წიტაიშვილმა „გრანადას“ პირველ გოლში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 29-ე წუთზე, როდესაც „კარტახენა“ 1:0 იგებდა, ქართველი ფეხბურთელის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში რუბიოს მიუვიდა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის მიწურულს „გრანადამ“ მასპინძელთა კარში მეორე გოლიც გაიტანა და ტაიმი 1:2 მოიგო. მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე სტუმრებმა „კარტახენას“ კარში მესამე გოლიც გაიტანეს. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

გიორგი წიტაიშვილი მთავარმა მწვრთნელმა 72-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ის მიერ 7.0-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საბოლოოდ, წიტაიშვილმა თამაში ამ სტატისტიკით დაასრულა: ბურთთან 35 შეხება, 15-დან 11 ზუსტი პასი (73%), 1 ზუსტი და 1 არაზუსტი დარტყმა. 8-დან 5 მოგებული პოზიციური დუელი, 2 ართმევა.

36 ტურის შემდეგ „გრანადამ“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 58 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, ამ მოცემულობით კი ლა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლებას იღებს. წიტაიშვილის გუნდი მომდევნო ტურში ცხრილის მეორეადგილოსან „ელჩეს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები