ქოჩორას ლევანტემ სარაგოსას მოუგო და გალიდერდა
ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ლევანტემ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, „სარაგოსა“ მიიღო და დამაჯერებლად მოუგო (5:2).
„ბაყაყებმა“ ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნეს - ხოსე ლუის მორალესის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით „სარაგოსას“ კარი კარლოს ალვარესმა აიღო. მე-13 წუთზე ალექს ფორესმა სტუმართა მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და „ლევანტეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
50-ე წუთზე მორალესი მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა, ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და „სარაგოსას“ კარში მესამე ბურთი გაიტანა, 85-ე წუთზე კი თავი შეცვლაზე შესულმა კარლოს ესპიმ გამოიჩინა. 89-ე წუთზე პაუ სანსმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა უკვე ერთ წუთში „ლევანტემ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად ისააკ რომერომ შეასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარიო სობერონმა „სარაგოსას“ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ხულიან კალერომ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სრულად ათამაშა. 77-ე წუთზე ქოჩორას გოლამდე ცოტა დააკლდა - საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა „სარაგოსას“ კარს.
ქოჩორამ Sofascore-ისგან 6,4-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 74 შეხება ბურთთან, 60-დან 53 ზუსტი პასი (88%), 1 საკვანძო პასი, 4-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 7-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 1 დარტყმა კარისკენ, 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 10-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 14-ჯერ დაკარგა ბურთი და სამჯერ დაჯარიმდა.
ქოჩორას საუკეთესო მომენტები
36 მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ 66 ქულა აქვს და „ელჩესთან“ ერთად ლა ლიგა 2-ის თანალიდერია, თუმცა „ელჩეს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს „ბაყაყები“ 26 აპრილს, გასვლაზე, „ოვიედოს“ წინააღმდეგ გამართავენ.