„მახაჩევის შემდეგი მეტოქე გეიჯი იქნება“ - დენიელ კორმიე
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ამჟამად კი კომენტატორი დენიელ კორმიე მიიჩნევს, რომ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან არ იჩხუბებს.
კორმიეს აზრით, თუ ხაბიბ ნურმაგომედოვმა თქვა, რომ ამ ჩხუბის ჩანიშვნის აზრს ვერ ხედავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩხუბი არ გაიმართება, ვინაიდან ხაბიბს „ვერაფერს დააძალებ“.
„ხაბიბი ყველაზე პირდაპირი ადამიანია, რომელსაც ვიცნობ. თუ რაღაცის თქმა სურს, ყოველთვის პირდაპირ ამბობს და არასოდეს მალავს ამას. ასე რომ, როდესაც ის რამეს საჯაროდ ამბობს, ეს ისე მიიღეთ, როგორც შემდგარი ფაქტი.
მახაჩევის მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია - გეიჯი სახელოვანი მებრძოლია. კარგად ვიცნობ როგორც ხაბიბს, ისე ისლამს - ისინი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ. ხაბიბმა 40 მილიონ დოლარზე თქვა უარი, როდესაც მას დაბრუნებას სთხოვდნენ. მას ვერ დააძალებ იმას, რისი გაკეთებაც არ სურს“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევი არ აპირებს, ისევ ქვემსუბუქი წონიდან ამოსულ მებრძოლთან იჩხუბოს, და მიიჩნევს, რომ მასთან დაპირისპირებამდე თოფურიამ მსუბუქ წონაში ძალები სხვა მებრძოლებთან უნდა მოსინჯოს.
თავის მხრივ, „ლეგენდამ“ ხაბიბის ამ განცხადებას ასე უპასუხა: „ხაბიბმა იცის, რომ მე ვარ ის, ვინც ისლამს საჩემპიონო ქამარს წაართმევს. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც, მას არ უნდა, რომ მახაჩევმა ჩემთან იჩხუბოს“.