ლიდერის მორიგი 3 ქულა - „იბერიამ“ წაუგებელი სერია 21 მატჩამდე გაზარდა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის IX ტური „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიხსნა, სადაც „გაგრამ“ „იბერიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შედეგად, „იბერიას“ და მისი მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის წაუგებელი სერია 21 მატჩამდე გაიზარდა, ხოლო უშუალოდ წლევანდელ სეზონში მისმა მომზადებულმა გუნდმა ცხრა შეხვედრიდან ექვსში კარი მშრალად შეინახა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. 90 წუთის განმავლობაში გატანა როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს შეეძლოთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო მეტი სიზუსტე მოქმედმა ჩემპიონმა გამოიჩინა და 70-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის პასით გამარჯვების ბურთი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა.
დღეს, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კიდევ სამი შეხვედრა შედგება. მომდევნო ტურში კი „იბერია“ სტუმრად „თელავს“, ხოლო „გაგრა“ ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.