ანჩელოტი: “ვინც შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, იტყუება“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ბილბაოს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„წავალ თუ არა გუნდიდან? ამაზე სეზონის ბოლოს კლუბთან ვისაუბრებ და არა თქვენთან. ბილბაოსთან ინტენსიურ მატჩს ველოდებით. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასვლა მივულოცო. კლუბს და ფეხბურთელებს ვესაუბრე. ყველა ერთ აზრზე ვართ. ძალიან გვეტკინა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. ყველაზე მეტად ის კრიტიკა მეტკინა, რომელიც იმ გუნდს დაატყდა თავს, რომელმაც ბოლო 11 წელიწადში 30 ტიტული მოიგო.
ფეხბურთელებისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. მათ აქ დიდებული დრო გამატარებინეს. ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის ყველაზე განსაკუთრებული ტურნირია, ხოლო რეალის ისტორიისთვის განუყოფელი ნაწილია. ახლა ჩემს მომავალზე საუბარი არ მსურს, არც ამისი დროა. ბევრი გოლი გავუშვით და ვფიქრობ დაცვაში უფრო სოლიდურები უნდა ვყოფილიყავით.
არაფერს ვნანობ. ჩემი და კლუბის ურთიერთობა იდეალურია. ყოველთვის ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ჩვენ არასდროს გვექნება დაპირისპირება და ვინც შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს იტყუება და ხალხი შეცდომაში შეჰყავს.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არსენალთან 2 მატჩის ჯამში 1:5 წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. ცნობისთვის, რეალისა და ბილბაოს დაპირისპირება 20 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.