პრიორიტეტები ცნობილია - ვირცს ლა ლიგაში თამაში სურს
გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი ლევერკუზენის „ბაიერის“ ლიდერის, ფლორიან ვირცის შესახებ წერს.
გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა გერმანელი „ფარმაცევტების“ დატოვების შემთხვევაში პრიორიტეტულად მადრიდის „რეალის“ ვარიანტს განიხილავს.
Bild-ის ცნობითვე, „სამეფო კლუბში“ ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში სათადარიგო ვარიანტს ვირცისთვის „მანჩესტერ სიტი“ წარმოადგენს, და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს ის „ბაიერნში“ გადასვლაზე.
ამასთანავე, გამოცემის ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობა აპირებს, ვირცის სანაცვლოდ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა - 125 მილიონი ევრო მიიღოს.
ცნობისთვის, ვირცი „ლევერკუზენის“ აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში დებიუტი კი 2020 წელს ჰქონდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ვირცის სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 40 მატჩში 15 გოლი და 13 ასისტია.