„მედვედევს შანსს აღარ უტოვებს“ - სინერზე მწვრთნელმა ისაუბრა
იანიკ სინერის დისკვალიფიკაციის ამოწურვამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგის იტალიელ ლიდერს კორტზე გულშემატკივარი უმოკლეს დროში ისევ იხილავს. სანამ თამაშს არ დაიწყებს, თავად სინერი ჟურნალისტებთან გამოჩენას მაქსიმალურად ერიდება. თუმცა, სამაგიეროდ მედიას მასთან დაკავშირებული საინფორმაციო ვაკუუმი მისმა მწვრთნელმა სიმონე ვანიოციმ შეუვსო, რომელმაც იანიკთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
რას ამბობს სინერზე
ჩემთვის ის შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითია. არასოდეს დამავიწყდება 2023 წელს პეკინში გამართული ტურნირი, როდესაც იანიკმა კარლოს ალკარასი და დანილ მედვედევი დაამარცხა, რომელთაც მანამდე ვერაფერს უხერხებდა. იცით, რის ხარჯზე შეძლო მან ამის მიღწევა? სწორი ანალიზისა და თავდაუზოგავი შრომის. მახსოვს, მაშინ პირველ ამოცანად მედვედევისთვის გასაღების მოძებნა დავისახეთ, რომელსაც 2020-2023 წლებში ექვსჯერ დავუპირისპირდით და ყველა შემთხვევაში დავმარცხდით, ახლა კი სინერი რუსს ურთიერთშეხვედრებში 8:7-ს უგებს და პრაქტიკულად შანსს აღარ უტოვებს.
ვანიოციმ კომენტარი სინერთან დაკავშირებულ დოპინგ-სკანდალზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ვინც საქმესთან თანდართულ დოკუმენტებს კარგად იცნობს, ყველა მიხვდება, რომ მომხდარში იანიკს არანაირი ბრალი არ მიუძღვის.