„სალიბაზე, მარტინელიზე და უგარტეზე წინ“ - ზურიკოს სტაბილურობას ხაზი გაუსვეს
საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში „სენტ ეტიენის“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რისი დასტურიც სატურნირო ცხრილია, სადაც ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მიუხედავად ამისა, კლუბში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და მათ შორის განსაკუთრებულად ზურიკო დავითაშვილის გამორჩევა შეიძლება. 24 წლის ქართველ ფეხბურთელზე საფეხბურთო ობსერვატორია CIES-ის ვებ-გვერდზე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
რას წერენ დავითაშვილზე
ზურიკო 24 წლის სულ რაღაც ორიოდე თვის წინ გახდა და პროფესიულ დონეზე უკვე 275 მატჩის გამართვა მოასწრო, რითაც 2001 წელს დაბადებულ სხვა ცნობილ ფეხბურთელებს, უილიამ სალიბას, გაბრიელ მარტინელისა და მანუელ უგარტეს საგრძნობლად აღემატება. 16 წლის ასაკიდან ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველი საოცარ სტაბილურობას აჩვენებს და სეზონში საშუალოდ 36,5 მატჩს ატარებს, რაც მის საიმედოობაზე მიუთითებს.
ამჟამად დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ღირსებას იცავს, სადაც მთავარი მწვრთნელის ერიკ ჰორნელადის ტაქტიკურ სქემაში წამყვანი პოზიცია უკავია. მის სანახაობრივ და ტექნიკურ თამაშს ხშირ შემთხვევაში ლიდერული თვისებებიც ერწყმის და საერთაშორისო სანაკრებო გამოცდილება წარმატებულ ასპარეზობაში საგრძნობლად ეხმარება.
ძნელად მოიძებნება მისი ასაკის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ამხელა გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ლიგა 1-ში, სადაც ბალანსი ახალგაზრდობასა და გამოცდილებას შორის მუდამ დაცული უნდა იყოს, ზურიკო ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. რაც შეეხება მის სათამაშო უნარებს, ცენტრსა და ფლანგებზე თანაბარი წარმატებით ასპარეზობა შეუძლია და მცველებს კრეატიული და ბურთთან საოცარ მოპყრობაზე დაფუძნებული ფინტებით, ხშირ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე საფრანგეთის წლევანდელ ჩემპიონატში 29 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე პასია. ის გუნდის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბელგიელ ლუკას სტასენს (10 გოლი) ჩამორჩება, ხოლო ასისტენტებში „სენტ ეტიენის“ მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ხვალ, ზურიკო და მისი თანაგუნდელები გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ უმასპინძლებენ და შეხვედრა თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.