ტომას მიულერი
Aa
Aa

„მიულერს საშინლად მოექცნენ“ - ყოფილი ბაიერნელი აღშფოთებულია

წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე ტომას მიულერი „ბაიერნს“ დატოვებს, თუმცა ყოველივე ეს 35 წლის ფეხბურთელის სურვილით არ ხდება. მას ძალიან უნდოდა „რეკორდმაისტერში“ კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩენა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებმა 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება არ შესთავაზეს და იძულებული გახდა წასვლის გადაწყვეტილება მიეღო.

მიულერთან მიმართებაში თავისი ყოფილი გუნდის შეფების საქციელით აღშფოთებულია „ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელი მარკუს ბაბელი, რომელმაც ამის თაობაზე ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.

რას ამბობს ბაბელი

კლასიკური სიტუაცია შეიქმნა - ტომასი თვლიდა, რომ კიდევ ორი წელი თამაში შეეძლო, თუმცა „ბაიერნის“ მწვრთნელი და ხელმძღვანელები განსხვავებულ აზრზე არიან. არ ვაკრიტიკებ მათ იმის გამო, რომ მიულერს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს, მაგრამ ის ფორმა, როგორითაც ის გუნდიდან გაუშვეს, სრული აბსურდია.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი „ბაიერნის“ შეფების ადგილზე - გყავს გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ვერ ახერხებ, რომ ის ღირსეულად გააცილო. მე მათ ადგილას იცით როგორ მოვიქცეოდი? მიულერს შევხვდებოდი და ვეტყოდი: „ტომას მისმინე, ჩვენი გადმოსახედიდან შენ ძველებურ დონეზე ვეღარ თამაშობ და არ გვინდა, მატჩების დროს სათადარიგო სკამზე, ან სულაც ტრიბუნაზე იჯდე. სწორედ ამიტომ, სეზონის ბოლოს კარგ გაცილებას მოგიწყობთ და ფანები ოვაციებით დაგემშვიდობებიან. თუ შენ თვლი, რომ თამაში კიდევ შეგიძლია, წადი ორი წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი დაგვიბრუნდი და ერთად რაიმე მოვიფიქროთ“.

რა არის ამაში რთული? თუმცა, ეს ხომ „ბაიერნია“, რომელიც შეცდომებზე ვერ სწავლობს და რომელმაც თავის დროზე კლუბის კიდევ ორი ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი და გერდ მიულერიც ანალოგიურ სტილში, უკანალში პანღურით გაუშვა. ჩემი აზრით, გერდ მიულერი, ტომას მიულერი და ფრანც ბეკენბაუერი „რეკორდმაისტერის“ ყველა დროის სამი საუკეთესო ფეხბურთელია და მხოლოდ ამ ტრიოს შემდეგ მოდიან ული ჰიონესი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და არიენ რობენი.

მარკუს ბაბელი „ბაიერნის“ ღირსებას 1991-1992 და 1994-2000 წლებში იცავდა და საერთო ჯამში მან მიუნხენურ გრანდთან ერთად სამჯერ ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი და ერთხელ უეფას თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედეგი სამწუხაროა, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ“ - კომპანი
„შედეგი სამწუხაროა, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ“ - კომპანი