ჯა მორანტი, ენტონი დევისი
Aa
Aa

NBA-ში პლეი ოფის ყველა წყვილი ცნობილია - დონჩიჩის გარეშე ვიცე-ჩემპიონი ტურნირს გამოეთიშა

გუშინ, გვიან ღამით, NBA-ში პლეი ინის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა და პლეი ოფის ყველა წყვილი დაკომპლექტდა. გაირკვა, რომ დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ არა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი „დალასი“, არამედ „მემფის გრიზლისი“ შეხვდება, რომელმაც ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილი „მავერიქსი“ 14-ქულიანი სხვაობით, 120:106 დაამარცხა. რაც შეეხება აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდს „კლივლენდს“, მისი მეტოქე „მაიამი ჰიტი“ იქნება, რომელმაც ოვერტაიმში „ატლანტა ჰოუქსი“ 123:114 დაამარცხა.

„მემფისი“ – „დალასის“ შეხვედრაში სუფთა სათამაშო ეპიზოდების გარდა, გამოსარჩევი იყო პირველ მეოთხედში გუნდების ლიდერების, ჯა მორანტისა და ენტონი დევისის სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში აღარ გადაზრდილა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ დევისი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 37 წუთში 40 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა, თუმცა მისი შედეგიანი თამაში დალასელებს მიზნის მისაღწევად ვერ დაეხმარა. რაც შეეხება „მემფისს“, მის რიგებში 24 ქულით, 7 მოხსნით, 4 ასისტით და 1 დაფარებით ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი გამოირჩეოდა.

„ატლანტა“ – „მაიამის“ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში დევიონ მიტჩელის ბრწყინვალე თამაშმა გადაწყვიტა - მან სამი 3-ქულიანი ჩააგდო და „ჰიტი“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. მთლიანად მატჩში კი ფლორიდელებს შორის ყველაზე შედეგიანი ტაილერ ჰირო გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ NBA-ს წლევანდელ პლეი-ოფში, რომელიც სტარტს ამაღამ აიღებს, გოგა ბითაძის სახით ერთი ქართველი ითამაშებს და მისი „ორლანდო“ მოქმედ ჩემპიონს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდება.

 

პლეი ოფის წყვილები

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

კლივლენდი - მაიამი

ინდიანა - მილუოკი

ნიუ-იორკ ნიქსი - დეტროიტი

ბოსტონი - ორლანდო

 

დასავლეთ კონფერენცია

ოკლაჰომა - მემფისი

დენვერი - კლიპერსი

ლეიკერსი - მინესოტა

ჰიუსტონი - გოლდენ - სტეიტი

 

ცნობისათვის, NBA-ს პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია რომელიმე გუნდის ოთხ მოგებამდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ მხოლოდ ეს გუნდი შეაჩერებს“ - დუაიტ ჰოვარდი ლეიკერსის შანსებზე
„მათ მხოლოდ ეს გუნდი შეაჩერებს“ - დუაიტ ჰოვარდი ლეიკერსის შანსებზე