„კიდევ ერთი ჩემპიონობა კარის ჯორდანის გვერდით დააყენებს“ - პოლ პირსის მოსაზრება
NBA-ს სხვადასხვა კლუბების საჩემპიონო შანსებზე ყველაზე საინტერესო ყოველთვის ლეგენდარული კალათბურთელების მოსაზრებებია და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პოლ პირსია - „ბოსტონ სელტიქსისა“ და მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავის ინტერვიუ ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა, სადაც მას შეკითხვა „გოლდენ სტეიტის“ საჩემპიონო შანსებზე დაუსვეს და პირსისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღეს.
პოლ პირსი
თუ სტეფ კარი NBA-ს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდება, დავუშვათ წლევანდელ სეზონში და პლუს ფინალის MVP-ის ტიტული მას დარჩება, მოგვიწევს ბევრისთვის არასასიამოვნო და არაკომფორტული დისკუსიის გახსნა. იცით, რას ვგულისხმობ? რამდენადაც სენსაციად არ უნდა აღიქვათ, სტეფი მაიკლ ჯორდანის გვერდით დადგება და დაგისაბუთებთ ამას რატომაც ვფიქრობ.
წარმოიდგინეთ, წელს წარმატების მიღწევის შემთხვევაში მას უკვე ხუთი საჩემპიონო ბეჭედი ექნება და ეს ყველაფერი ლებრონ ჯეიმსის ეპოქაში, რომელიც NBA-ს ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ხუთიდან სამი ჩემპიონობა კარის „გოლდენისთვის“ ისე იქნება მოტანილი, რომ მისი თანაგუნდელებიდან NBA-ს ყველა დროის 75 საუკეთესო მოთამაშეს შორის არც ერთი არ შედიოდა.
ცნობისათვის, „უორიორსის“ რიგებში სტეფ კარი ჩემპიონი 2015, 2017, 2018 და 2022 წლებში გახდა. რაც შეეხება მაიკლ ჯორდანს, მან „ჩიკაგოს“ ტიტული 6-ჯერ 1991, 1992, 1993, 1996, 1997 და 1998 წლებში მოაგებინა.