„მეშვიდეადგილოსანმა პსჟ-ის მოუგო“ - სლოტმა პრემიერ ლიგის სიძლიერე აღნიშნა
ინგლისის პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ ჩემპიონობა დროის ამბავია - გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე მერსისაიდელები მეორე ადგილზე მყოფ „არსენალს“ 13 ქულით უსწრებენ და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, უახლოესი კვირების მანძილზე რიგით მეოცე ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებენ. მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიაკოს გათვალისწინებით, არნე სლოტისთვის „წითლების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო სეზონი ბოლომდე წარმატებულად ვერ ჩაითვლება, რაზეც ნიდერლანდელ სპეციალისტს ასეთი პასუხი აქვს:
„კრიტიკოსებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ჩემი მომზადებული გუნდი განსაკუთრებული და უძლიერესი ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება. ყველამ კარგად ნახა რამდენად კარგი გუნდია „ნიუკასლი“, რომელიც მესამე ადგილზეა, რაც ინგლისის ლიგის თასის ფინალში მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მიკვირს. „ასტონ ვილამ“ კი, რომელიც პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს „პარი სენ-ჟერმენს“ მოუგო და კინაღამ ტურნირიდან გამოთიშა. აი, ასეთი კონკურენტუნარიანი ლიგის ჩემპიონი ხდება „ლივერპული“.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მერსისაიდული გრანდი ინგლისის ჩემპიონატს 32 ტურში დაგროვებული 76 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას სლოტის შეგირდები 20 აპრილს, სტუმრად „ლესტერ სიტისთან“ გამართავენ.