„ინტერმა მესი თუ შეაჩერა, იამალსაც გაუმკლავდება“ - ფაბიო კაპელო
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „ინტერის“ დაცვითი ხაზი „ბარსელონას“ შემტევებს გაუმკლავდება.
ფაბიო კაპელო:
„თუ იმ ტრიუმფალურმა „ინტერმა“, რომელმაც ტრებლი მოიგო, ლეო მესის შეჩერება შეძლო, ლამინ იამალსაც როგორმე გაუმკლავდებიან.
ინძაგი არ დაუშვებს, რომ იამალსა და რაფინიას ბევრი სივრცე ჰქონდეთ. „ბარსელონას“ შემტევები ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ მათთვის სივრცის მიცემა დამღუპველი იქნება. ლევანდოვსკი საჯარიმოში ნამდვილი „მკვლელია“, მაგრამ „ინტერს“ დაცვაში დისციპლინის დაცვა და ბალანსის შენარჩუნება შეუძლია.
მთავარი დაპირისპირება მოედნის ცენტრში იქნება - პედრისა და დე იონგის კლასი ბარელას, ჩალჰანოღლუს და მხითარიანის დინამიკის წინააღმდეგ. პედრის და დე იონგს დაცვიდან შეტევაში გადასვლა კარგად შეუძლიათ, მაგრამ თუ ასარჩევად დადგა საქმე, მე „ნერაძურის“ ნახევარდაცვას ავირჩევდი. ევროპაში ასეთი ორგანიზებული და შეთამაშებული ნახევარდაცვით მხოლოდ რამდენიმე კლუბი თუ დაიტრაბახებს“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 30 აპრილს ესპანეთში, საპასუხო კი 6 მაისს იტალიაში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ „ნერაძური“ და „ბლაუგრანა“ ბოლოს ერთმანეთს 2022/23 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. „კამპ ნოუზე“ მატჩი ფრედ დასრულდა (3:3), „სან-სიროზე“ კი მინიმალური ანგარიშით „ინტერმა“ იმარჯვა.