ორივე გენიოსია, თუმცა... - ალკარასი-სინერის საინტერესო შედარება
მსოფლიო ჩოგბურთის ბოლო წლების დიდ სამეულად წოდებული ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩის ტრიოდან პირველი ორის წასვლისა და მესამეს ხშირი ტრავმიანობის ფონზე, წინა პლანზე შედარებით ახალგაზრდა ჩოგბურთელები გამოდიან, რომელთა შორისაც ორს განსაკუთრებულად გამოარჩევენ. საუბარია კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერზე, რომელიც დოპინგსკანდალის გამო 3-თვიან დისკვალიფიკაციას იხდის, თუმცა მისი არყოფნის პირობებშიც კი, იტალიელისთვის რეიტინგში ლიდერობის წართმევა ვერავინ მოახერხა. მიუხედავად ამისა, ჩოგბურთის ცნობილმა მწვრთნელმა ხორხე აგირემ Punto de Break-თან ინტერვიუში სინერი ესპანელზე ქვევით დააყენა და ასეთი რამ განაცხადა:
„ალკარასმა ხალხის აზრს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს და მთლიანი კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოახდინოს. არსებობს ასეთი მომენტები: დისკომფორტი, სტრესი, უიღბლობა და მთელი სეზონი იდეალურ ფორმაში ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ იქნება. ჩემთვის როგორც კარლოს ალკარასი, ასევე იანიკ სინერი გენიოსია, თუმცა ესპანელი აშკარად სხვა გალაქტიკიდან არის“.
23 წლის იანიკ სინერს ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (2024, 2025), ხოლო ერთხელ ამერიკის ღია პირველობა (2024) აქვს მოგებული. რაც შეეხება 21 წლის კარლოს ალკარასს, მან ჩემპიონის ტიტული ორჯერ უიმბლდონზე (2023, 2024), თითოჯერ კი როლან გაროსსა (2024) და ამერიკის ღია პირველობაზე (2024) მოიპოვა.