ნახევარფინალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან - როდის იყო მსგავსი შემთხვევები
წლევანდელი სეზონის დაწყების წინ, როგორც საფეხბურთო ექსპეტები, ასევე ბუკმეიკერები ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებად „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ასახელებდნენ, თუმცა პირველი მათგანი გათამაშებას მეოთხედფინალში, მეორე კი პლეი ინის ეტაპზე გამოეთიშა. შედეგად მივიღეთ ასეთი სურათი - „ბაიერნი“ ახლოს იყო „ინტერთან“ „ჯუზეპე მეაცაზე“ მოგებასთან და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანასთან, მაგრამ ვენსან კომპანის შეგირდებმა დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს და მიუნხენში გასამართ ფინალზე ოცნებად ნაადრევად დაასრულეს. ნერიაძური გადამწყვეტ თამაშში მოხვედრისთვის „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას აქტიური დახმარებით „პარი სენ-ჟერმენი“ „არსენალის“ ბარიერის დაძლევას შეეცდება.
სტატისტიკოსებმა გადახედეს სექტემბერში არსებულ ვითარებას და აღმოჩნდა, რომ ოთხი ნახევარფინალისტიდან ამ ეტაპზე ყველაზე უფრო მეტად პროგნოზირებადი „მეთოფეების“ მოხვედრა იყო, რომლის საჩემპიონო შანსებსაც შემოდგომაზე 13-პროცენტიანი ალბათობით აფასებდნენ. შედარებით ნაკლებად მიიჩნეოდნენ ფავორიტებად „ბლაუგრანა“ (7 %), „ნერიაძური“ (6 %) და „პარი სენ-ჟერმენი“ (5 %). გეტყვით იმასაც, რომ 1999-2000 წლებიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში ერთი ქვეყნიდან ორზე მეტი კლუბი ხვდება, წელს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ნახევარფინალში ოთხი სხვადასხვა ჩემპიონატის წარმომადგენელია.
2003-2004 წლების სეზონი
ნახევარფინალში ამ წელს წარმომადგენელი გერმანიის ბუნდესლიგას და იტალიის სერია A-ს არ ჰყავდა - „ბაიერნი“ და „შტუტგარტი“ მეოთხედფინალიდან ხმაშეწყობილად გამოეთიშნენ ტურნირს, „მილანმა“ კი „დეპორტივოსთან“ საკუთარ სტადიონზე მოპოვებული 3-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ლა კორუნიაში, „რიასორზე“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი იწვნია. „დეპორი“ ფინალში მოსახვედრად „პორტუს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ჟოზე მოურინიოს მომზადებულმა „დრაკონებმა“ დერლეის ზუსტი 11-მეტრიანით 1:0 გაიმარჯვეს. რაც შეეხება მეორე წყვილს, „ჩელსისა“ და „მონაკოს“ შორის გამართულ ორივე თამაშში 4 გოლი გავიდა. „თავადებმა“ საკუთარ სტადიონზე მეტოქე 3:1 დაამარცხეს და საჭირო ორი ბურთი შეხვედრის უკანასკნელ 15 წუთში გაიტანეს. რაც შეეხება „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარებულ საპასუხო მატჩს, ლონდონელებმა თავიდანვე 2:0 წაიყვანეს ანგარიშით, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს ერთი ბურთი გაუშვეს, ხოლო შესვენების შემდეგ ფერნანდო მორიენტესმა წონასწორობა აღადგინა და „მონაკო“ ფინალში გაიყვანა, სადაც ლიგა 1-ის კლუბი „პორტუსთან“ უიმედოდ, 0:3 დამარცხდა და გათამაშება მოურინიოს ტრიუმფით დასრულდა.
2009-2010 წლების სეზონი
ამჯერად ნახევარფინალებმა ინგლისის კლუბების გარეშე ჩაიარა - პრემიერ ლიგის გრანდებმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „არსენალმა“ მეოთხედფინალური ბარიერი ვერ დაძლიეს. ფინალის საგზურისთვის „ბაიერნმა“ „ჟერლანზე“ „ლიონს“ 1:0 არიენ რობენის გოლით აჯობა, ხოლო საპასუხო მატჩში „ოლიმპიკი“ ივიცა ოლიჩის ჰეთ-თრიკით 3:0 დაამარცხა. გაცილებით უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მეორე ნახევარფინალი, სადაც „ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში „ინტერთან“ წააგო. კატალონიელები მილანში 1:3 დამარცხდნენ, ხოლო საპასუხო მატჩში ტიაგო მოტას გაძევების გამო თავიდანვე დიდი უპირატესობა მიიღეს, თუმცა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ხერარდ პიკეს გოლით მოწინააღმდეგეს 1:0 აჯობეს, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ნერიაძურიმ ფინალში „ბაიერნს“ დიეგო მილიტოს დუბლით 2:0 მოუგო და ჟოზე მოურინიომ ამ ტურნირის ოქროს მედალი სამწვრთნელო კარიერაში მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა.
2017-2018 წლების სეზონი
ამ სეზონში გულშემატკივარმა ნახევარფინალურ ეტაპზე საფრანგეთის კლუბები ვერ იხილა, რაც სენსაციად მხოლოდ და მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“ სიძლიერის გამო შეიძლება მონათლულიყო, თუმცა ვარსკვლავებით სავსე პარიზული გრანდი მერვედფინალიდან მადრიდის „რეალმა“ გამოთიშა. სამეფო კლუბმა საბოლოოდ ეს ტურნირი მოიგო და ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში „ბაიერნი“ დაამარცხა. „ალიანს არენაზე“ ესპანელებმა 2:1 გაიმარჯვეს და გადამწყვეტი გოლით თავი მარკო ასენსიომ გამოიჩინა, ხოლო მადრიდში გამართული საპასუხო შეხვედრა საბრძოლო ფრით, 2:2 დასრულდა. კარიმ ბენზემას დუბლს რეკორდმაისტერის მხრიდან იოზუა კიმიხმა და ხამეს როდრიგესმა უპასუხეს. მეორე ნახევარფინალური წყვილი „ლივერპული“ – „რომა“ უხვგოლიანობით გამოირჩეოდა და 180 წუთში 13 ბურთი გავიდა. „ენფილდ როუდზე“ მერსისაიდელებმა 5:2 მოჰამედ სალაჰის ჰეთ-თრიკით მოიგეს და „სტადიო ოლიმპიკოზე“ საპასუხო შეხვედრაშიც თავდაპირველად 2:1 იგებდნენ, თუმცა იტალიელებმა გაიბრძოლეს და 4:2 გაიმარჯვეს, მაგრამ ფინალში მაინც ლივერპულელები გავიდნენ, სადაც ისინი ლორის კარიუსის შეცდომების კასკადის გამო „რეალთან„ 1:3 დამარცხდნენ.
იმ სამი შემთხვევიდან, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის კლუბი თამაშობდა, თასი ერთხელ პორტუგალიის, ერთხელ იტალიისა და ერთხელ ესპანეთის წარმომადგენელს დარჩა. ამ ლოგიკით, წელს ტრადიცია უნდა დაირღვეს და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „არსენალი“ - პსჟ-ს წყვილიდან საუკეთესო გახდეს.