15-ქალა მორაგბეთა ნაკრების სადებიუტო მატჩი - წინ მეორე სპარინგია
საქართველოს 15-ქალა მორაგბეთა ნაკრებმაც სადებიუტო შეხვედრა ქუთაისში ჩაატარა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, რომელიც ორი კვირის წინ ჩამოყალიბდა და მთავარი მწვრთნელის ჯაბა მალაღურაძის ხელმძღვანელობით მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოასწრო, აზიის ერთ-ერთ უძლიერეს ყაზახეთის გუნდთან 5-47 წააგო.
გუნდის ძირითად ბირთვს შვიდქალა მორაგბეთა ნაკრების წევრები წარმოადგენენ, რასაც თბილისისა და ქუთაისის კლუბების წარმომადგენლებიც დაემატნენ და 27-წევრიანი შემადგენლობა შეიკრიბა. მარცხის მიუხედავად მატჩის საუკეთესო მორაგბედ მასპინძლების მოთამაშე ანა დათიაშვილი აღიარეს. ისტორიულ სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი ლელოს ავტორი მანონი საღარაძე გახდა, 15-ქალა ნაკრების კაპიტანი კი თეონა ჩიტაიშვილი იყო.
საქართველოსა და ყაზახეთის 15-ქალა მორაგბეთა ნაკრები გუნდების ტესტ-მატჩების სერია 24 აპრილს დამთავრდება, როდესაც გუნდები „აია არენაზე“ კიდევ ერთ საკონტროლო თამაშს ჩაატარებენ. დღევანდელის მსგავსად, ეს შეხვედრაც 15:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.