„ასეთი რამ მხოლოდ აქ ხდება“ | ფლიკმა ლა ლიგა გააკრიტიკა
ლა ლიგის მორიგ ტურში „სელტასთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გადატვირტთულ კალენდარზე, „დორტმუნდთან“ განცდილ მარცხზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
ჰანსი ფლიკი:
„ბოლო კვირებში უამრავი მატჩი ჩავატარეთ და მილანშიც იგივე გველოდება. დორტმუნდიდან ღამის 3-4 საათზე დავბრუნდით, ფეხბურთელებმა დილის 5 საათზე დაიძინეს. ჩვენ არ ვწუწუნებთ, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ ესპანეთში ხდება.
ყველა ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბებსა და ფეხბურთელებს იცავენ, ჩვენ კი დასვენებას ვერ ვასწრებდით. გავესაუბრებოდი მას, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, იმიტომ რომ მათ ჩვენ შესახებ არაფერი იციან.
ყველა ფედერაცია ზრუნავს თავის კლუბებზე, აქ კი ასე არაა. მათ არ აინტერესებთ, რომ ფეხბურთელები დილის 5 საათზე იძინებენ. „არა უშავს, როგორმე ძალებს აღიდგენენ“ - ესაა მათი პასუხი. ეს მთელ ესპანურ ფეხბურთზე აისახება, იმიტომ რომ თუ ევროთასებზე წარმატებას ვაღწევთ, ამით მთელი ლა ლიგა ხეირობს.
მიუხედავად რთული კალენდრისა, ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ - ფეხბურთელებმა იციან, რა უნდა გააკეთონ „სელტასთან“ მატჩში. დორტმუნდში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ნახევარფინალში ვართ. ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ - თუ სეზონის დაწყებამდე ვინმე გვეტყოდა, რომ 18 აპრილს ტრებლის შანსები გვექნებოდა, ამას უყოყმანოდ მოვაწერდით ხელს.
„ინტერის“ ფეხბურთელებს აქვს ძალიან ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ითამაშონ. მომწონს მათი სტილი - ფანტასტიკური გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონა“ „ინტერს“ დაუპირისპირდება, მანამდე და მას შემდეგ კი ორჯერ მადრიდის „რეალს“ შეხვდება - ჯერ სამეფო თასის ფინალში, შემდეგ კი ლა ლიგაში.