ენრიკე: გვსურს ლიგა 1 დაუმარცხებლად დავასრულოთ და ისტორია დავწეროთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში პსჟ „ლე ავრს’’ მიიღებს. მატჩის წინ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
ლუის ენრიკე: „გვსურს ლიგა 1-ის სეზონი დაუმარცხებლად დავასრულოთ. ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს, თუნდაც ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იყოს. გუნდები, რომლებიც ცხრილის ფსკერზე არიან, სეზონის ბოლოს ძალიან სახიფათონი ხდებიან. ეს ჩვენი კიდევ ერთი ტესტია, ისტორიის დაწერა გვინდა''.
„ასტონ ვილასთან’’ გასვლით მატჩში ლუის ენრიკემ მხოლოდ 1 ცვლილება განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, ენრიკემ განაცხადა: „სხვადასხვა კლუბებში მუშაობისას ბევრს მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ფეხბურთელთა როტაციას ხშირად მივმართავდი, ახლა კი მაკრიტიკებენ იმის რომ მხოლოდ 1 ცვლილება გავაკეთე. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი. თუ „ასტონ ვილასთან’’ სხვა მოთამაშეები არ შევიყვანე, ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ ვენდობი. ცვლილებას მაშინ ვაკეთებ, როცა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ’’.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილამ'' შინ პსჟ-ს 3:2 მოუგო, თუმცა პსჟ-მ პირველ მატჩში 3:1 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში ფრანგული კლუბი გავიდა, რომელიც ლონდონის „არსენალს'' დაუპირისპირდება.
„ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „არსენალთან’’ უკვე ვითამაშეთ. „არსენალი’’ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. არტეტას ხელმძღვანელობით გუნდი ვითარდება და ძალიან კარგად თამაშობს''.
ლიგა 1-ის სეზონში პსჟ-მ 28 მატჩიდან 23 მოიგო, 5 ფრედ დასრულდა, ლუის ენრიკეს გუნდი არ დამარცხებულა. პარიზელებს ჩემპიონობა განაღდებული აქვთ, თუმცა სეზონის დაუმარცხებლად დასრულება სურთ. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ეს ლიგა 1-ის რეკორდი იქნება.
ხვალ, 19 აპრილს, პსჟ აუტსაიდერ „ლე ავრს’’ მიიღებს, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.