ინგლისის შემდეგ ესპანეთიც - ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდით
ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის შემდეგ, ევროპის ტოპ 5 ლიგაში ორი საუკეთესო კოეფიციენტის მქონე ქვეყანას ტურნირზე 5-5 გუნდით თამაშის უფლება ეძლევა.
უკვე გაირკვა, რომ 2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთი 5 გუნდით ითამაშებს.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ლა ლიგას „ბილბაო“ წარმოადგენდა, რომელიც ნახევარფინალშიც გავიდა. ამის შემდეგ, მათი კოეფიციენტი გაიზარდა და საერთო რეიტინგზე გავლენა მოახდინა. შედეგად, ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ადგილოსანიც ითამაშებს.
უეფას ეგრეთწოდებული „შანსების ცხრილში“ მეორე ადგილზე სწორედ ესპანეთია - 23,250 ქულით, იტალია (21,187) მესამეა და ევროთასების მიმდინარე სეზონში „ინტერისა“ და „ფიორენტინას“ შემდგომ ეტაპებზე გასვლის მიუხედავად, მათი რეიტინგი მაღლა ასვლას ვერ შეძლებს.
მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ (ჩემპიონთა ლიგა), „ბილბაო“ (ევროპა ლიგა) და „ბეტისი“ (კონფერენციის ლიგა) ევროტურნირების ნახევარფინალში გავიდნენ.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთთან ერთად გაისად ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ინგლისს ეყოლება.