საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო | Sky-ს ექსპერტი კიტეიშვილზე
გრაცის „შტურმმა,’’ რომლის ლიდერი და კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია, გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის ორი გამორჩეული ფეხბურთელი გაყიდა, ბოსნიელი იუსუფ გაზიბეგოვიჩი ორ მილიონ ევროდ „კიოლნში’’ გაუშვა, ფორვარდი მიკა ბირეტი 13 მილიონ ევროდ - „მონაკოში’’.
ავსტრიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ იანკომ, რომელიც Sky-ს ექსპერტია, მათი ტრანსფერების ფონზე კიტეიშვილის როლს ხაზი გაუსვა: „ბირეტისა და გაზიბეგოვიჩის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვან მატჩებში კიტეიშვილმა საკუთარ თავზე უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღო''.
ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილის მსგავსად „ზალცბურგის’’ შემტევი ოსკარ გლუხი ძალიან გამორჩეულია. იანკოს ჰკითხეს, რომელი უკეთესია.
იანკო: „გლუხი უფრო ახალგაზრდაა და შესაძლოა უფრო ნიჭიერი, მაგრამ ფეხბურთელები უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, კონკრეტულ მომენტში როგორ თამაშობენ. ამ მომენტში კიტეიშვილი სულ მცირე გლუხის დონეზეა, რადგან გადამწყვეტ მომენტებში თამაშზე კონტროლი აიღო და მოგებულ მატჩებში გუნდის ლიდერი იყო, საგოლე პასები შეასრულა, გოლები გაიტანა. განსხვავების შემქმნელი მოთამაშეა. ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია’’.
ცნობისთვის, ბუნდესლიგის გასულ ტურში „კიტემ“ „ზალცბურგის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ შორიდან საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, ამ გოლმა „შტურმს'' 3 ქულა მოუტანა.
კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის შემდეგ გრაცელების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „კიტეს“ კლასი აშკარაა.