ჯადოსნური საღამო ოლდ ტრაფორდზე | მანჩესტერ იუნაიტედის გიჟური მოგება ლიონთან
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ. პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, საოცარი თამაში ვიხილეთ.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მანუელ უგარტემ დააწინაურა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, დიეგო დალომ „წითელ ეშმაკებს“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა და თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ფრანგებმა ბოლომდე იბრძოლეს.
71-ე წუთზე, კორენტინ ტოლისომ ჩამორჩენა შეამცირა, 7 წუთში კი ნიკოლას ტალიაფიკომ ორი მატჩის ჯამში, წონასწორობა აღადგინა - 2:2. 89-ე წუთზე, „ლიონი“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ტოლისომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.
დამატებით დროში, „ლიონი“ წინ კიდევ ერთხელ გავიდა. 105-ე წუთზე, რაიან შერკიმ გაიტანა, 3 წუთში კი, ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტი გარდასახა და ფრანგებს სერიოზული უპირატესობა მოუტანა. 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლომდე იბრძოლა. 114-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა. 120-ე წუთზე, კობი მაინუმ ულამაზესი გოლი შეაგდო, რამდენიმე წამში კი ჰარი მაგუაიერმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ წინ გაიყვანა - 5:4.
დარჩენილ დროში, „ლიონი“ ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და „მანჩსტერ იუნაიტედმა“ ორი მატჩის ჯამში, 7:6 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ფრანგული კლუბი ევროპა ლიგას დაემშვიდობა, მიქაუტაძეს რაც შეეხება, მან 64 წუთი ითამაშა და ბევრი არაფერი გამოუვიდა. ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.