„ევროპის საუკეთესო კლუბებში შეუძლია თამაში“ | რა თქვა ფონსეკამ მიქაუტაძეზე
„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. Ziggo-სთან ინტერვიუში, ფონსეკას ქართველი ფეხბურთელის მიერ, „აიაქსში“ გატარებულ პერიოდზე ჰკითხეს და პორტუგალიელმა სპეციალისტმა მიქაუტაძე შეაქო.
„რატომ დატოვა მიქაუტაძემ აიაქსში რადიკალურად განსხვავებული შთაბეჭდილება? შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო ან უცხო ქვეყანაში პირველად თამაშობდა. აიაქსს სხვანაირი სტილი და მენტალიტეტი აქვს. შესაძლოა, ყველაფერი ამ საკითხებმა განაპირობა, მაგრამ რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად რა მოხდა.
მიქაუტაძე ლიონში კარგად თამაშობს. ბევრი გოლი გააქვს და გუნდისთვის თავდაუზოგავად მუშაობს. მის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ. ბრწყინვალე პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანია.
ვფიქრობ, მას ევროპის საუკეთესო კლუბების რიგებში შეუძლია თამაში, რადგან განსხვავებული ტიპის თავდამსხმელია. ურთულესია, მისნაირი ხარისხის მქონე ფორვარდის პოვნა. იმედი მაქვს, ლიონში რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება, მაგრამ არ გამიკვირდება, მომდევნო წლებში, ევროპის საუკეთესო კლუბებიდან ერთ-ერთში რომ გადავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 29 შეხვედრაში მაინც მიიღო და 9 გოლი და 5 ასისტი გაიფორმა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის მიხედვით, მიქაუტაძე „ვესტ ჰემის“, „კრისტალ პალასისა“ და „ვულვზის“ ყურადღების ცენტრშია.