„ვერც ბაიერნთან ითამაშებს“ - ბოლო ცნობები ბუდუს მდგომარეობაზე
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „ბაიერნთან“ მატჩის წინ ბუდუ ზივზივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
შმიდტის თქმით, ბუდუ ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა „ჰაიდენჰაიმის“ თავკაცი ირწმუნება, რომ ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონში თამაშს შეძლებს.
„სამწუხაროდ, მატიას ჰონსაკი და ბუდუ ზივზივაძე „ბაიერნთან“ მატჩისთვის მზად არ იქნებიან. იმედი გვქონდა, რომ ისინი გამოჯანმრთელებას მოასწრებდნენ, თუმცა ეს არ მოხდა.
მართალი გითხრათ, მეგონა, რომ ამ კვირაში ისინი ჩემს განკარგულებაში იქნებოდნენ. ბუდუს კოჭის ტრავმა აქვს, რაც ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული. მან სრულად უნდა მოირჩინოს ტრავმა და ორივე ფეხით დარტყმა უნდა შეეძლოს.
ბუდუ ფიზმომზადების მწვრთნელთან ვარჯიშობს, მაგრამ საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია, ეს კი აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული უნდა იყო, რომ გუნდს გამოადგები, მათ კი შენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ.
არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რომ ამ სეზონში ისინი ვერ დაგვეხმარებიან. გარდა ამისა, ასეთი საშიშროება არ დგას. თუმცა, არ დავმალავ, სასურველი იქნებოდა, რომ ისინი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებულიყვნენ“.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქართველმა ფორვარდმა ტრავმა 29 მარტს „ვოლფსბურგთან“ გასვლით შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ „ლევერკუზენთან“ და „ფრანკფურტთან“ მატჩები გამოტოვა.
აქვე გეტყვით, რომ „ჰაიდენჰაიმი“-„ბაიერნის“ მატჩი 19 აპრილს გაიმართება. ზივზივაძის გუნდი 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.