„როცა ჩემპიონი გახდა, მეორე დღეს მასთან კორმიე მივიდა, ის კი...“ - ჯო როგანი მერაბზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჯო როგანთან პოდკასტში სტუმრობის დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
თავის მხრივ, ჯო როგანმა „მანქანასთან“ დაკავშირებული სახალისო ისტორია გაიხსენა, როდესაც ჩემპიონობის შემდეგ მასთან დანიელ კორმიე მივიდა.
ჯო როგანი: „ძალიან მიყვარს მერაბის ბრძოლების ყურება. ის ნამდვილი ცხოველია“.
ილია თოფურია: „ის „მანქანაა“, ძალიან მიყვარს“.
ჯო როგანი: „ის ცხოველია. მისი კარდიოსი კიდევ არ მესმის. მისი კარდიო უბრალოდ სიგიჟეა, მას სუპერადამიანის კარდიო აქვს“.
ილია თოფურია: „მერაბის შესახებ ერთ რამეს გეტყვი, რამაც ძალიან გამაკვირვა. როდესაც ვარჯიშის დროს შეხედავთ, ვერ იფიქრებთ, რომ განსაკუთრებული ბიჭია, ან განსაკუთრებული უნარები აქვს, მაგრამ არ ვიცი რა ემართება, როდესაც ოქტაგონში შედის. ის უბრალოდ მანქანაა. ცოტა ხნის წინ მკითხე, რომელი მებრძოლის ბროლის ყურება მიყვარს... ეს მერაბია. ახლავე რომ იბრძოდეს, მის ყურებისთვის ფულს დაუფიქრებლად გადავიხდიდი“.
ჯო როგანი: „უმარიც მიყვარს. უმართან მისი ბრძოლა საოცრება იყო. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მინახავს. ასეთი მრავალმხრივი უნარების, უმაღლესი დონის... მაგრამ იმის ყურება, თუ როგორ დაღალა უმარი და როგორ ბარბაცებდა დაღლილობისგან, როგორ სუნთქავდა უმარი და მერაბს საერთოდ არაფერი ეტყობოდა, 0 დაღლილობა, მეხუთე რაუნდში ისე იბრძოდა, თითქოს პირველი რაუნდი ყოფილიყო“.
ილია თოფურია: „სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დაემართა უმარს. ოქტაგონს გარეთ, როდესაც მის ვარჯიშებს უყურებდა, ამბობდა - „ვერ წამაქცევს, ამას მე ვერ გამიკეთებს...“ მაგრამ როდესაც ოქტაგონში მასთან ერთად შედიხარ, ყველაფერი იცვლება. შენს წინ მანქანა დგება, რომელიც არასდროს ჩერდება“.
ჯო როგანი: „დენიელ კორმიე წავიდა მასთან სტუმრად. როდესაც ტიტული მოიგო, დენიელ კორმიე წავიდა მის სახლში კვირას და მერაბი სახლში არ დახვდა. გარეთ იყო და დარბოდა. შაბათს ტიტული მოიგო და კვირას დარბოდა“.
ილია თოფურია: „ერთხელ ჩემთან ესპანეთში ჩამოვიდა, როდესაც მოვსარ ევლოევთან ბრძოლისთვის ვვარჯიშობდი, ჩამოვიდა და მომზადებაში მეხმარებოდა. იგივე იყო ჩემთანაც. როდესაც ვარჯიშს ვრჩებოდით, ის ყოველთვის სარბენად მიდიოდა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა, მისი ქამარი კი გასულ უქმეებზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა.
რაც შეეხება მერაბს, „მანქანამ“ ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ომალის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა, რომელიც 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. საქართველოს დროით 8 ივნისს, მერაბ დვალიშვილი ქამრის დაცვას კიდევ ერთხელ, ამჯერად შონ ომალისთან რემატჩში შეეცდება.