„ისლამის კარგად მესმის“ - ცარუკიანი მახაჩევი-თოფურიას ბრძოლაზე
ილია თოფურიამ ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას მკაფიოდ გააჟღერა თავისი პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მას მსუბუქ წონით დივიზიონში პირდაპირ სატიტულო ჩხუბის ჩატარება სურს, რადგან მიიჩნევს, რომ მან ეს დაიმსახურა. საპირისპირო აზრზეა ისლამ მახაჩევი და მისი ლეგენდარული მწვრთნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თოფურიამ ჯერ ქამრისთვის ჩხუბი უნდა დაიმსახუროს.
დაახლოებით ასეთივე მოსაზრება აქვს ისლამის ყოფილ მეტოქეს არმან ცარუკიანს, რომელიც ქართველ და დაღესტნელ მებრძოლების შორის ბრძოლის ჩანიშვნის ალბათობას შემდეგნაირად აფასებს:
„ისლამს არ სურს თოფურიასთან დაპირისპირება და პრინციპში მისი გაგება შეიძლება, რადგან თუ გაიმარჯვებს, ხალხი იტყვის, რომ მან არა მსუბუქი, არამედ ქვემსუბუქი წონის მებრძოლი დაამარცხა.
იანვარში ბრძოლა რომ შემძლებოდა და მახაჩევს ჩემთან გაემარჯვა, ის ამ დივიზიონს აუცილებლად დატოვებდა, რადგან ყველა დამარცხებული ეყოლებოდა. ახლაც ასეთი სიტუაციაა - თუ მახაჩევი ნახევრადსაშუალო წონაში არ ავა, თოფურიასთან ბრძოლას ვერ გაექცევა, რადგან სხვა ყველა მეტოქე დამარცხებული ჰყავს“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა იანვარში უნდა გაემართა, მაგრამ ორი დღით ადრე, ზურგის ტრავმის გამო შეხვედრას ჩაეხსნა, რის შემდეგაც დენა უაითმა ის ერთგვარად დასაჯა და აღნიშნა, რომ სომეხი მებრძოლის მომდევნო ჩხუბი საჩემპიონო აღარ იქნება და მას ეს ყველაფერი ხელახლა უნდა დაიმსახუროს.