ოფიციალურად - ვან დაიკი ლივერპულში რჩება
„ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა მერსისაიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონშიც „ენფილდზე“ ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვირჯილ ვან დაიკი:
„მიხარია და ძალიან ამაყი ვარ. ძალიან ემოციური მომენტია. აქ კიდევ ორი წლით დარჩენა წარმოუდგენელი გრძნობაა. პრიორიტეტი ყოველთვის „ლივერპული“ იყო. მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, ეს მქონდა გეგმებში და საბოლოოდ, „ლივერპულში“ ვრჩები. ეს საუკეთესო ადგილია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. „ნაშვილებ სკაუზერსაც“ მეძახიან და ასეთი რამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა“.
ცნობისთვის, ვან დაიკი „ლივერპულს“ „საუთჰემპტონიდან“ 2018 წლის იანვარში შეუერთდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა.
მერსისაიდულ კლუბთან ვან დაიკმა პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი მოიგო.
მიმდინარე სეზონში ვან დაიკმა „წითლების“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.