ზედიზედ მეხუთე შედეგიანი მატჩი - ლაუტაროს 150
ლაუტარო მარტინესი არაჩვეულებრივ ფორმაშია და „ინტერის“ ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთ განმსაზღვრელია - გუშინ, როდესაც ჰარი კეინმა „ბაიერნი“ დააწინაურა და მიუნხენელების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ერთი შეხედვით რეალური გახადა, „რეკორდმაისტერის“ იმედებს ცივი შხაპი სწორედ ნერიაძურის არგენტინელმა კაპიტანმა გადაასხა და გამოზომილი დარტყმით თავისი გუნდისთვის გოლი ყველაზე საჭირო მომენტში გაიტანა.
27 წლის არგენტინელი ფორვარდის მაღალ დონეზე ასპარეზობა განსაკუთრებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეა ხაზგასასმელი - ის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ხუთი მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და გარდა ამისა, გახდა შავ-ლურჯების ისტორიაში პირველი ლეგიონერი, რომელმაც ყველა ტურნირზე 150 ბურთის გატანა მოახერხა. „ინტერის“ ბომბარდირთა დავაში მასზე წინ მყოფი ხუთივე ფეხბურთელი, ჯუზეპე მეაცა (287 გოლი), ალესანდრო ალტობელი (209), რობერტო ბონინსენია (171), სანდრო მაცოლა (160) და ლუიჯი ჩევენინი (156) იტალიელები იყვნენ.
შარშანდელი სეზონების მსგავსად, ლაუტაროს იტალიის ჩემპიონატში ისეთივე შედეგიანი თამაშები არ აქვს, თუმცა 12 გოლითა და 3 საგოლე პასით თავის გამოჩენა მაინც მოახერხა.