„ამის გამო ბრძოლისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი...“ - ილია თოფურია ჯო როგანის პოდკასტში
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ილია თოფურია ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. UFC-ის კომენტატორმა და შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა „ლეგენდასთან“ ორსაათნახევრიანი ეპიზოდი ჩაწერა.
ილია თოფურია ჯო როგანთან:
დივიზიონი იმიტომ შევიცვალე, რომ ბოლო ბრძოლებში წონის დაკლება ძალიან მიჭირდა. 80-82 კილოს ვიწონი და ბრძოლებისთვის ბევრის დაკლება მიწევდა, თითქმის 15-20 კილოგრამის. ეს ძალიან რთულია. ბრძოლისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი იყო. ამის გამო ბოლო ბრძოლებში, რომლებიც ქვემსუბუქ წონაში მქონდა, ბოლომდე ვერ ჩავერთე. მიწევდა, რომ წონის დაკლებაში უფრო პროფესიონალი ვყოფილიყავი, ვიდრე უშუალოდ ბრძოლაში. ამას დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობა იყო, ეს 145 ფუნტში გავაკეთე და ახლა დროა, რომ ბრძოლებით ვისიამოვნო, ამიტომაც შევიცვალე წონა. 155-ში ერთი ბრძოლა უკვე გამართული მაქვს, ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ და ცუდი ნამდვილად არ ყოფილა.
ყოველი ბრძოლის წინ, წონის დაკლება რაღაცას გართმევს, ეს არ არის მხოლოდ ენერგია. ეს იგივეა, ძაღლი ოთახში რომ ჩაკეტო 20 დღის განმავლობაში ისე, რომ საჭმელი არ მისცე. შემდეგ გააღო კარები და სხვა ოთახში გადაიყვანო, რომელიც საკვებით იქნება სავსე. როდესაც წონას ვიკლებ, საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. ჩემი გონება, ჩემი სხეული საერთოდ სხვა განზომილებაში გადადის და ყველაფერი განსხვავებული ხდება.
მერაბი ნამდვილი მანქანაა, ის ძალიან მიყვარს. მერაბის შესახებ ერთ რამეს გეტყვი, რამაც ძალიან გამაკვირვა. როდესაც ვარჯიშის დროს შეხედავთ, ვერ იფიქრებთ, რომ განსაკუთრებული ბიჭია, ან განსაკუთრებული უნარები აქვს, მაგრამ არ ვიცი რა ემართება, როდესაც ოქტაგონში შედის. წეღან მკითხე, თუ რომელი მებრძოლის ყურება მიყვარს, ეს მერაბია. ახლავე რომ იბრძოდეს, ფულს დაუფიქრებლად გადავიხდიდი.
მგონია, რომ უმარს მერაბთან ეს დაემართა: ოქტაგონს გარეთ, როდესაც მის ვარჯიშებს უყურებდა, ამბობდა - „ვერ წამაქცევს, ამას მე ვერ გამიკეთებს...“ მაგრამ როდესაც ოქტაგონში მასთან ერთად შედიხარ, ყველაფერი იცვლება.
ვოლკანოვსკი დიდებულია! ძალიან ბედნიერი ვიყავი ტიტული რომ დაიბრუნა, ამას ნამდვილად იმსახურებდა. ჩვენს პირადული არაფერი ყოფილა. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, ტიტული მოვიგე და დავიცავი. მეწყინა თუ არა ჩემი ქამარი რომ დაისაკუთრა? არა! პირიქით, ნამდვილად გამიხარდა და ბედნიერი ვარ მის გამო. ახლა ჩემს წინაშე სხვა გამოწვევები დგას, ეს ქამარი კი წარსულია. მას მხოლოდ წარმატებას და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ.
პედი პიმბლეტი? მან დიდებული სამუშაო გასწია. ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ჩემთვის, ჩენდლერი არასდროს ყოფილა ექსტრაორდინარული და უმაღლესი დონის მებრძოლი. გამახსენე, ვინ დაამარცხა UFC-ში? დენ ჰუკერი და ტონი ფერგიუსონი. რამდენი წაგება აქვს? გასაგებია, რამდენიმე... კარგი მებრძოლია, რომელიც ფანებსაც მოსწონს, შედის ოქტაგონში და იბრძვის, მაგრამ... მან დაამარცხა დენ ჰუკერი და ტონი ფერგიუსონი, რომელიც თითქმის 40 წლის იყო...
მინდა, რომ ხალხი ჩემი ბრძოლებისგან ყოველთვის სიამოვნებას იღებდეს. როდესაც MMA-ში მოღვაწეობა დავიწყე, ყოველთვის ვიწერდი ჩემს სპარინგებს და შემდეგ, როდესაც ვუყურებდი, ვამბობდი - „გადავიხდი თუ არა ფულს ამის საყურებლად?!“ ყოველთვის ვმუშაობდი, რა უნდა შემეცვალა ჩემში, რომ უფრო სანახაობრივი გავმხდარიყავი. ყოველთვის ასე ვუყურებდი საკუთარ თავს, ყოველთვის თვითკრიტიკული ვიყავი და სწორედ ასე ვიზრდებოდი, ვიზრდებოდი და ყოველთვის, როდესაც ოქტაგონში შევდიოდი, იქ მხოლოდ მოსაგებად არ ვიყავი... მინდოდა, რომ ყველა ისე დამემარცხებინა, შემდეგ ხალხს რომ ეთქვა - „ვაუ, ეს რა გააკეთა, როგორ გააკეთა... ის ყველა დროის საუკეთესო იყო და როგორ დაამარცხა ასე მარტივად?“ ყოველთვის ეს მინდოდა.
სტეროიდების მიღება არასდროს დამჭირვებია, არც მომწონს და არც ვგრძნობ, რომ ეს მჭირდება, რადგან თავს ისედაც კარგად ვგრძნობ. არ ვგრძნობ, რომ ასეთი „ჩეთერობა“ მჭირდება. ვინც ასეთ რამებს აკეთებს, გამარჯვებას არ იმსახურებს. ამ სიმძიმეს საკუთარ თავს არასდროს დავუყენებ. როდესაც ოქტაგონში ვარ, ვგრძობ, რომ არ „ვჩეთერობ“ და გამარჯვება ისე დავიმსახურე, სწორედ ამიტომაც ვიგებ. ვიცი ზოგიერთი შეკრების შესახებ, სადაც სტეროიდებს მოიხმარდნენ. კი, შეიძლება კუნთები მსოფლიოში ყველაზე კარგად გქონდეს განვითარებული, მაგრამ ყველაფერი გონებიდან მოდის. თუ არ ხარ მენტალურად ძლიერი, მაშინ ვერაფერს შეძლებ. ბევრ შემთხვევაში, ტვინს უფრო დიდი როლი აქვს, ვიდრე სხეულს. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ, ისიც გეცოდინება, რომ რეალურად ისეთი არ ხარ, როგორიც სტეროიდების მოხმარების შემდეგ.
ბოლო პერიოდში ავტობიოგრაფიების კითხვა დავიწყე. წავიკითხე დონალდ ტრამპის ბიოგრაფია. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან კარიერის დასრულება მომიწევს და უკვე უნდა იფიქრო, თუ რას გააკეთებ ამის შემდეგ. ცხოვრება გრძელდება და შესაძლოა, ჩემი ძალები ბიზნესსფეროშიც მოვსინჯო, ვნახოთ, რა იქნება.
კარიერას მაშინ დავასრულებ, როდესაც ამ საქმისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. ახლა 28 წლის ვარ და ეს შეიძლება მოხდეს 32, ან 34 წლის ასაკში. ზუსტად ვერ გეტყვით, ამას გავაგრძელებ მანამდე, სანამ საქმისგან სიამოვნებას მივიღებ. ახლა მსიამოვნებს, მაგრამ არ ვიცი, ხვალ რა მოხდება.
რა თქმა უნდა, ისლამთან ბრძოლა მინდა, სხვა ვარიანტებს არც განვიხილავ. არ ვიბრძოლებ პირველი კანდიდატობისთვის, მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლას განვიხილავ! არ მაინტერესებს, თუ ისლამს ჩემთან ჩხუბი არ უნდა, ვაიძულებ, რომ ეს გააკეთოს. ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონია და ამ დივიზიონში დომინირებს... მე აქ ვარ, ვერ შეძლებს, რომ მუდმივად ამარიდოს თავი.
არ მგონია, რომ მათ სხვა მებრძოლი შემომთავაზონ, არ მგონია, რომ განზე დამაყენონ. მე დავთმე ქამარი, ვუთხარი, რომ 145-ში ვეღარ ვიბრძოლებდი, მათ კი პირობა მომცეს, რომ შემდეგი ბრძოლა ქამრისთვის მექნებოდა... რამდენი ხანი გამაჩერებ ბრძოლის გარეშე? თუ ასეთი შანსი ყველას მისცეს, რატომ არ შეიძლება, რომ მეც ვიყო? ასე მოექცნენ ჰენრი სეხუდოს, კონორ მაკგრეგორს, ჟორჟ სენტ-პიერს, ჯონ ჯონსს... ყველას ვინც დაიმსახურა... მეც დავამტკივე, რომ ამას ვიმსახურებ. მე ქვემსუბუქ წონაში ორი ყველა დროის საუკეთესო დავანოკაუტე - დიდებული ვოლკი, რომელიც ყველასთან დომინირებდა ამ წონაში და მაქს ჰოლოუეი... ეს აქამდე არავის გაუკეთებია.
პედისთან ჩხუბი? ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება. იჩხუბონ პედიმ და ჯასტინ გეიჯიმ პირველი კანდიდატობისთვის, მე კი ისლამთან ვიჩხუბებ. როდესაც მას დავამარცხებ და ტიტულს მოვიპოვებ, შემდეგ პედი მომეცით. ვფიქრობ, რომ ის გეიჯის მარტივად დაამარცხებს. გეიჯი ძლიერია, მაგრამ გრეპლინგი არ იცის, პედი კი პირიქით, ამაში ძალიან ძლიერია.
მგონია, რომ კონორი ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდება. თუ UFC შესაძლებლობას მისცემს, რომ 40 წლის ბიჭებთან იჩხუბოს, მაშინ დასაკარგი რა ექნება? ვეჩხუბები თუ არა ჩემპიონს ქამრის დაცვისთვის ახლა? რა თქმა უნდა, არა. ფიქრობთ რომ ჩემთვის ამაღელვებელი ბრძოლა იქნება თუ ისლამს დავამარცხებ და შემდეგ შანსს კონორს მივცემ? და თუ ეს ისლამთან ჩხუბამდე იქნება? სიმართლე რომ გითხრათ, ამის შესახებ რაღაც საუბრები იყო. ხომ იცი UFC როგორც მუშაობს? როდესაც რაღაც მოლაპარაკებები მიდის, გაფრთხილებენ, რომ ახლა არაფერი თქვა, არავის არაფერი უთხრა... მოკლედ, თუ ახლავე შემომთავაზებენ კონორთან ბრძოლას, რატომაც არა? უარს არ ვიტყვი, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.
მაგრამ ახლა ამ ბრძოლაზე მეტად პედისთან ჩხუბი უფრო აღმაფრთოვანებს. თუ UFC ამ ბრძოლას ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩანიშნავს, საოცარი ატმოსფერო იქნება. ვიცი, რომ დენას არ უყვარს სტადიონებზე ღონისძიების მოწყობა, მაგრამ ბერნაბეუ მსოფლიოში ერთადერთი სტადიონია, რომელსაც გადახურვა აქვს და ამ მოედანზე 80 ათასი ადამიანი ეტევა. ესპანეთში ამდენი ადამიანის შეკრება ჩემთვის პრობლემა არ იქნება. ასევე, ბევრი ადამიანი ჩამოვა ინგლისიდან ესპანეთში, ეს ისედაც ხშირად ხდება.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა, მისი ქამარი კი გასულ უქმეებზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა.